მეწყერი

მაჭავარიანზე მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდა, მიზანი მეწყრის მასის შემცირებაა

თბილისის მერია

მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყრულ ზონაში მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდა. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მეწყრულ ზონაში, პარალელურად, ეწყობა დროებითი მისასვლელი გზები, ხოლო ფერდის ზედა ნაწილში ცემენტიზაციის სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, უშუალოდ მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილებები არ შეინიშნება.

"ვიდეომონიტორინგით განხორციელებული დაკვირვების შედეგად, გვაქვს კარგი ინფორმაცია - უშუალოდ მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილებები არ შეინიშნება. რაც შეეხება მეწყრულ ზონას, ჩვენ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევამციროთ მეწყრის მასა.

ასევე, პარალელურად მიმდინარეობს დროებითი მისასვლელი გზების მოწყობა. უკვე დამონტაჟდა მონიტორინგის სისტემა, რომელიც მეტ საშუალებას მოგვცემს, უწყვეტ რეჟიმში განვახორციელოთ დაკვირვება. ამ სამუშაოებთან ერთად, ზედა ნაწილში მიმდინარეობს ცემენტიზაცია. ამის მიზანია, მოხდეს მეწყრის ზედაპირის გადაადგილების შემცირება. ეს სამუშაოები პირობითად შეიძლება გაიყოს ორ ნაწილად. პირველის მიზანი არის მეწყრის გადაადგილების შეჩერება, ხოლო მეორე ეტაპზე იქნება გენერალური გადაწყვეტები, რომ მოხდეს ამ ადგილის გამაგრება და ამ სამუშაოების შედეგად, მაჭავარიანის ქუჩაზე მოხსნილი იქნება ყველა სახის შეზღუდვა", - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მისივე განცხადებით, ამჟამად ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს.

"თეორიულად რამდენიმე ფაქტორი ერთმანეთს თუ დაემთხვა, ეს შეიძლება იყოს მიწისძვრა, უხვი ნალექი, ამის საფრთხე იარსებებს, თუმცა, დღევანდელი მონაცემებით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არა მარტო ბროწეულის ქუჩის მცხოვრებლებს, არამედ, მიმდებარედ არცერთ ოჯახს და არცერთ ადამიანს საფრთხე არ ემუქრება. ამის მიუხედავად, არსებობს ევაკუაციის გეგმა და თუ ამის რეალური საჭიროება იქნება, მერწმუნეთ, რომ პირველ რიგში ჩვენ ვიზრუნებთ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. ამ ეტაპისთვის საშიშროება არ არსებობს, თუმცა, თეორიულად შეიძლება რაიმე განვითარდეს და ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად ვართ", - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

მისივე თქმით, მიმდინარე სამუშაოების მიზანი დედაქალაქის წყალმომარაგების უწყვეტობის უზრუნველყოფაცაა.

"მაჭავარიანის ქუჩასა და მეწყრულ ფერდს შორის გადის GWP-ის საკუთრებაში არსებული მაგისტრალური წყალსადენები. ეს მილები ამარაგებს ქალაქის გარკვეულ ნაწილს, შესაბამისად, ის დაწყებული სამუშაოების ერთ-ერთი ამოცანა, რაც აქ მიმდინარეობს, არის ისიც, რომ არ შეექმნას ამ მილსადენებს პრობლემა, რათა ქალაქის წყალმომარაგებაც მაქსიმალურად დაცული იყოს", - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.


თბილისის მერიის ინფორმაციით, გასული წლების განმავლობაში მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდზე "გარკვეული მოქმედებების გამო" მეწყრული პროცესი გააქტიურდა. 17 მარტს, Forum.ge-ზე მაჭავარიანის ქუჩისა და მიმდებარე ფერდის ფოტოები გავრცელდა, ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად 16 მარტიდან შეიზღუდა.

გეოლოგებისა და სპეციალისტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მეწყერის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ადგილზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებია, თუმცა თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, სამშენებლო სამუშაოების შეჩერების მიზეზი არ არსებობს და ადგილზე ხელოვნური ნაგებობები იმისთვის შენდება, რათა მომავალში გადაადგილება უსაფრთხო იყოს. 

მაჭავარიანი-მარშალ გელოვანის ქუჩების დამაკავშირებელი გზის პროექტის სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის ივლისში დაიწყო და 2021 წლის მარტის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა, კომპანია "ბლექ სი გრუპმა", რომელიც ამ პროექტს უდგას სათავეში, სამუშაოები დროებით შეაჩერა. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 15 მლნ ლარს შეადგენს.

20 მარტს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრულ ტერიტორიაზე ახალი ბზარები გაჩნდა.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თეა გოდოლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მეწყრის ტერიტორიაზე მას და სხვა მეცნიერებს თბილისის მერია არ უშვებდა. 

თბილისის მერიის ცნობით, ინფორმაცია ახალ ნაპრალებზე სიმართლეს არ შეესაბამება და პირების ტერიტორიაზე მათივე უსაფრთხოებისთვის არ უშვებდნენ.

უცხოელი ინჟინერ-გეოლოგები, რომლებიც თბილისის მერიამ პროცესის შესასწავლად მოიწვია, თბილისში 22 მარტს ჩამოვიდნენ და საქართველო უკვე დატოვეს, ისინი აპრილის ბოლომდე დისტანციურად იქნებიან პროცესში ჩართულნი. მოწვეული გეოინჟინერის, პეტერ ნიუმანის თქმით, საკითხი კომპლექსურია, გადაჭრის ერთი, კონკრეტული გზა არ არსებობს და შესაძლოა, ეს იყოს საწყისი ეტაპი მასშტაბური მეწყრის ჩამოყალიბებისა.

25 მარტს ცნობილი გახდა გეგმა, თუ რა სამუშაოების ჩატარებას გეგმავს თბილისის მერია. საწყის ეტაპზე იგეგმება დროებითი წინაღობის გაკეთება, უსაფრთხო მისასვლელი გზების მოწყობა და გარკვეულ უბნებზე მიწის მასის მოჭრა, რის მიზანიც არის ის, რომ ფერდს, სადაც მეწყერი პროგრესირებს, დაუბრუნდეს ბუნებრივი მდგომარეობა და ანკერული პრინციპით შეჩერდეს მისი მოძრაობა. გარდა ამისა, კვირის ბოლომდე დამონტაჟდება დამატებითი მონიტორინგის სისტემაც. მერია მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებში 7 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, კვლევის პირველადი შედეგები კვირის ბოლოსთვის იქნება ცნობილი.

 

კომენტარები