ეკონომიკა

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით შემცირდა

საქსტატმა 2021 წლის თებერვლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, რეალური მშპ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.1%-ით შემცირდა.

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა, შესაბამისად, 2021 წლის პირველი ორი თვის საშუალო ვარდნის მაჩვენებელი 8.3%-ია.   

2021 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა
შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, ხელოვნება,
გართობა და დასვენება, ტრანსპორტი და დასაწყობება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული
საქმიანობები და დამამუშავებელი მრეწველობა.
ზრდა დაფიქსირდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ვაჭრობის, წყალმომარაგების,
კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სექტორებში.

 

საქსტატი

მეთორმეტე თვეა, საქართველოს ეკონომიკა მცირდება. თავდაპირველად, მთავრობა მშპ-ს 5%-იან კლებას ვარაუდობდა, თუმცა ნოემბრის ბოლოს შემოღებული შეზღუდვების შემდეგ კლების მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა. 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა.

გასული წლის ეკონომიკური ზრდის ტემპი თვეების მიხედვით, შემდეგნაირად გამოიყურება:

  • იანვარი - 5.1% ზრდა;
  • თებერვალი - 2.2% ზრდა;
  • მარტი - 2.7% კლება;
  • აპრილი - 13.5% კლება;
  • მაისი - 16.6% კლება;
  • ივნისი - 7.7% კლება;
  • ივლისი - 5.5% კლება;
  • აგვისტო - 5.3% კლება
  • სექტემბერი - 0.7% კლება;
  • ოქტომბერი - 3.9% კლება;
  • ნოემბერი - 7.7% კლება;
  • დეკემბერი - 7.9% კლება;

კომენტარები