კულტურის სამინისტრო

"პროპაგანდა იმისა, რაც მინისტრს არ მოსწონს" – წულუკიანი And Then We Danced-ზე

კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა იმედის დილაში  სამინისტროს მიერ კულტურის სხვადასხვა სფეროების მხარდაჭერისა და დაფინანსების საკითხზე ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ექნებათ თუ არა მხარდაჭერა ისეთ ხელოვანებს, რომლებიც ქვეყანაში არსებულ კლიშეებს ანგრევენ და ამის მაგალითად იმედის ჟურნალისტმა ფილმი, "და ჩვენ ვიცეკვეთ (And Then We Danced)" მოიყვანა, წულუკიანმა უპასუხა, რომ ისეთ ფილმებს, რომლებიც მინისტრის გემოვნებაში არ ჯდება, შეიძლება არ ჰქონდეთ მინისტრის მხარდაჭერა.

"თუ მხარდაჭერაში იგულისხმება მინისტრი, რომელიც მაინცდამაინც პროპაგანდას უწევს იმას, რაც არ მოსწონს, ასეთი მხარდაჭერა შეიძლება არ იყოს, იმიტომ, რომ მე ვარ ასევე არ დაგავიწყდეთ მაყურებელი. მეც მაქვს ჩემი გემოვნება, ცუდი თუ კარგი, როგორც ყველას, მაგრამ მე არ მაქვს ინფორმაცია, ეს ფილმი კონკრეტულად ფინანსდებოდა თუ არა სახელმწიფოს მხრიდან". – თქვა წულუკიანმა

წულუკიანმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო უნდა აფინანსებდეს ისეთ ფილმებს, რომლებიც რომლებიც ახალგაზრდებს სამშობლოსა და თავისუფლების სიყვარულს უნერგავს.

"სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს, ჩემი აზრით, ისეთი ფილმები, რომელიც ერთი მხრივ საზოგადოებას ხელს უწყობს და განსაკუთრებით, არავის ეწყინოს და მაინც გამოვყოფ ახალგაზრდა თაობებს. მათ უნერგავს სამშობლოს სიყვარულს, მათ უნერგავს თავისუფლების სიყვარულს და აძლევს სწორ ინფორმაციას იმაზე, თუ რა არის ადამიანის უფლებები და რა არის დეოკუპაციისთვის საჭირო". – ამბობს წულუკიანი


თეა წულუკიანი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად 22 მარტს დაინიშნა, მას შემდეგ, რაც უწყება კიდევ ერთხელ გამოეყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

წულუკიანმა მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე წულუკიანმა თავისი მოადგილეები წარადგინა. ამავე ბრიფინგზე, მან თქვა, რომ აპირებს კულტურის კოდექსის შექმნას. მისი თქმით, კოდექსის შექმნას სათავეში მისი მოადგილე, იოსებ ბაღათურია ჩაუდგება.

კომენტარები