ალექსეი ნავალნის დაპატიმრება

ნავალნის თანამოაზრეები ითხოვენ მტკიცებულებას, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

ალექსეი ნავალნი
The Telegraph

მას შემდეგ, რაც დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ადვოკატებს მასთან დაკავშირებაზე უარი უთხრეს და რუსეთის ციხის სამსახურმა განცხადება გამოაქვეყნა, რომ ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, ნავლანის თანამოაზრეები მტკიცებულებას ითხოვენ, რომ ის ჯანმრთელია. 

გუშინ, 24 მარტს, მისმა მხარდამჭერებმა შეშფოთება გამოთქვეს ნავალნის ჯანმრთელობის გაუარესების გამო. 

ნავალნის ახლო თანამოაზრემ, ლეონიდ ვოლკოვმა, თქვა, რომ ნავალნის გასულ კვირას დაეწყო ზურგის სერიოზული ტკივილები, დაუბუჟდა ფეხი და ამ ფეხზე დადგომა მას არ შეუძლია. ვოლკოვის თქმით, მას ამის გამო ორი იბუპროფენი მისცეს. 

ციხის სამსახურში კი თქვეს, რომ ნავალნის 24 მარტს ჩაუტარეს სამედიცინო გამოკვლევა და, მათივე თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია. უწყებას პოლიტიკოსის ჯანმრთელობის პრობლემასთან დაკავშირებით დეტალები არ დაუკონკრეტებია.

"ჩვენ ძალიან ვღელავთ. ფედერალური ციხის სამსახურიც ვერ აფასებს ნავალნის მდგომარეობას, როგორც 'კარგს' " - ვკითხულობთ ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის Twitter-ზე.

კულტურის დაახლოებით 160-მა წარმომადგენელმა გამოაქვეყნეს ღია წერილი ხელისუფლების მისამართით, რითაც ისინი ითხოვენ, რომ ნავალნის ადვოკატებთან წვდომა მიეცეს და ის ნორმალური პირობებში ამყოფონ. 

კრემლში განაცხადეს, რომ არ ადევნებენ თვალს ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობას, და მათივე თქმით, ეს ციხის წარმომადგენლების საქმეა. 

25 მარტს ნავალნის თანამოაზრეებმა დააანონსეს, რომ გაზაფხულზე გეგმავენ კრემლის საწინააღმდეგო, რუსეთის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მასშტაბური აქციის გამართვას. ისინი ნავალნის გათავისუფლებას ითხოვენ. 


ალექსეი ნავალნი რუსეთში გერმანიიდან 17 იანვარს დაბრუნდა, ის ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს. გერმანიაში ის ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა.

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადის დარღვევაში ედავებოდა და პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლას ითხოვდა. 

2 თებერვალს ნავალნის სასამართლომ 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა "ივ როშეს" საქმეზე. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია.

ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას რუსეთში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრებისთვის ევროკავშირმა და აშშ-მ კოორდინირებულად რუს მაღალჩინოსნებს სანქციები მარტის დასაწყისში დაუწესეს. ბაიდენის ადმინისტრაციის ოფციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რუსეთის მთავრობის მაღალი რანგის შვიდ წარმომადგენელს.

25 მარტს კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 რუს მაღალჩინოსანსა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელს "რუსეთში ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევისთვის" სანქციები დაუწესა.

კომენტარები