ალექსეი ნავალნის დაპატიმრება

თეთრი სახლის სპიკერმა დაადასტურა, რომ ბაიდენმა პუტინს ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდა

Radio Free Europe

თეთრი სახლის სპიკერმა, ჯენ საკიმ, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, რუსეთის პრეზინდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარში მას დაპატიმრებული ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის, გათავისუფლებისკენ მოუწოდა

ჟურნალისტის კითხვაზე, პრეზიდენტმა ბაიდენმა კონკრეტულად მოუწოდა თუ არა პრეზიდენტ პუტინს ალექსეი ნავალნის გათავისუფლება, სპიკერი პასუხობს: "დიახ, [ისევე] როგორც ჩვენ, ჩვენს გუნდს საჯაროდ მოუწოდებია ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. რაც შეეხება საუბრის კონკრეტულ [საკითხებს], მე ამაზე მეტი დეტალი არ მაქვს". 

კითხვაზე, რაიმეს დაჰპირდა თუ არა პუტინი, საკი პასუხობს, რომ პრეზიდენტ პუტინის კომენტარების შესახებ არაფერი იცის.

მანამდე, ჯენ საკიმ საუბრის შინაარსზე კომენტირებისას განაცხადა, რომ მხარეებმა განიხილეს ალექსეი ნავალნის მოწამვლა. "პრეზიდენტმა გამოხატა აღშფოთება ოპოზიციონერის დაპატიმრებასთან დაკავშირებით". – წერს Associated Press თავის წყაროზე დაყრდნობით. 

მისივე ცნობით, საუბარი შეეხო ცოტა ხნის წინ განხორციელებულ კიბერშეტევებს აშშ-ს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების საიტებზე, რომელშიც აშშ რუსეთს ადანაშაულებს. 

ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ს ახალ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შორის პირველი სატელეფონო საუბარი 26 იანვარს შედგა.

როგორც კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "პრეზიდენტებს შორის საქმიანი და გულწრფელი საუბარი შედგა". "ვლადიმირ პუტინმა ჯოზეფ ბაიდენს მიულოცა არჩევნებში გამარჯვება და აღნიშნა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია ორივე ქვეყნის ინტერესებში იქნება, იმ განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, რაც ამ ორ ქვეყანას აქვს გლობალური უსაფრთხოებისთვის". – ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პრეზიდენტების მიერ განხილულ თემებს შორის იყო: შეთანხმება სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შესახებ, აშშ-ს გასვლა ე.წ. ღია ცის შეთანხმებიდან, ბირთვული შეთანხმება ირანთან და კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში. 


23 იანვარს რუსეთში გაიმართა ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები "თავისუფლება ნავალნის". რუსეთში ბოლო წლებში ეს ყველაზე მასშტაბური აქციები იყო. პროტესტს ქვეყნის მასშტაბით ათიათასობით ადამიანი შეუერთდა. აქციები ასევე გაიმართა საზღვარგარეთ: ავსტრალიაში, გერმანიაში, ავსტრიაში, ჩეხეთში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში.

აქციებზე 3900-მდე დემონსტრანტი დააკავეს. მოსკოვში დააკავეს ნავალნის ცოლი, იულია ნავალნია და პოლიტიკოსის თანამებრძოლი, ლიუბოვ სობოლი.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 17 იანვარს რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს. 2014 წლის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადისა და პირობითი სასჯელის დარღვევისთვის სასამართლომ მას 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური ნავალნისთის პირობითი სასჯელის პატიმრობით ჩანაცვლებას ითხოვს. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი 2 თებერვლას დაიწყება.

12 იანვარს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს მიმართა, რათა "ივ როშეს" საქმესთან  დაკავშირებით ნავალნის პირობითი პატიმრობა თავისუფლების აღკვეთით შეეცვალოს. დეკემბრის ბოლოს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის დაემუქრა, რომ, თუ ის 29 დეკემბრის 9:00 საათზე უწყების ფილიალში არ გამოცხადებოდა, პირობითი სასჯელის რეალური პატიმრობით შეცვლას მოითხოვდა.

ნერვულ აგენტ "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა და, როგორც მისმა ადვოკატმა აღნიშნა, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მიერ დაწესებულ ვადებში რუსეთში ვერ დაბრუნდებოდა.

ალექსეი ნავალნი "ივ როშეს" საქმესთან დაკავშირებით გამოსაცდელი ვადა აქვს. 2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით, მას 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა მიესაჯა. მოგვიანებითგამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა. თუ სასამართლო სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მხარეს დაიჭერს, ნავალნის, შესაძლოა, 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.

გარდა ამისა, დეკემბრის ბოლოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით ახალი საქმე აღძრა. გამოძიების ვერსიით, ნავალნის ორგანიზაცია ანტიკორუფციულმა ფონდმა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა 356 მილიონი რუბლი, რომელიც შემოწირულობებით შეგროვდა. ამით საქმე აღძრულია ჯგუფის მიერ ჩადენილი ორგანიზებული თაღლითობისთვის, რომელიც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებიდან რამდენიმე დღეში გამოქვეყნდა ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის მიერ ჩატარებული გამოძიება პუტინის ფარულ ქონებაზე.

რუსეთში ნავალნის მხარდამჭერი აქციები 31 იანვარსაც არის დაგეგმილი. მორიგი აქციების გამართვამდე ნავალნის რამდენიმე თანამოაზრეს შინაპატიმრობა მიუსაჯეს.

კომენტარები