ალექსეი ნავალნის დაპატიმრება

აშშ-ს კონგრესში ნავალნის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტი წარადგინეს

ალექსეი ნავალნი
Reuters

ამერიკელი სენატორების ჯგუფმა კონგრესში განსახილველად წარადგინა კანონპროექტი, რომელიც რუსი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. განცხადება რესპუბლიკელი სენატორის მარკო რუბიოს საიტზე გამოქვეყნდა. სანქციების კანონპროექტი ერთობლივად წარადგინეს რესპუბლიკელმა სენატორებმა მიტ რომნიმ და მარკო რუბიომ და დემოკრატმა სენატორებმა კრის კუნსმა, ბენ კარდინმა, კრის ვან ჰოლენმა და დიკ დურბინმა.

"პუტინის ხელისუფლებას აქვს გრძელი და საზარელი ისტორია მკვლელობის და მკვლელობის მცდელობების გამოყენების შინ და საზღვარგარეთ იმ მოქალაქეების გასაჩუმებლად, რომლებიც ყურადღებას აქცევენ რეჟიმის კორუფციასა და ძალადობას. რუსი ხალხი ახლა ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას ქვეყნის მასშტაბით მშვიდობიანად აპროტესტებს. მათი ჩივილის მოსმენის ნაცვლად პუტინის უშიშროების ძალების პასუხი შეუკავებელი ძალადობაა და ათასობით ადამიანის დაპატიმრებაა. კანონპროექტის მიზანია, დააკისროს პუტინსა და მასთან დაახლოებულ პირებს პასუხისმგებლობა და მკაფიოდ თქვას, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ნავალნი და შეაჩეროს რეპრესიული ქმედებები." – თქვა სენატორმა კუნსმა.

კანონპროექტი ითვალისწინებს წერტილოვან სანქციებს რუსეთის ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მოწამვლასა და პოლიტიკური მოტივით დევნაში.

კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებული არიან ნავალნის მოწამვლასთან და რუსეთის ტერიტორიაზე და ნოვიჩოკის ჯგუფის ქიმიური იარაღის გამოყენებაზე. პროექტის ავტორები ასევე ითხოვენ ნავალნისა და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობასა და ვლადიმირ პუტინის და მისი ოჯახის პირად ქონებაზე ანაგრიშების მომზადებას. გარდა ამისა კანონპროექტში საუბარია ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენის მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით გერმანიასთან დიპლომატიური დიალოგის დაწყებაზე.


2 თებერვალს მოსკოვის საოლქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ ნავალნის თანამოაზრეებმა ოპოზიციონერის მხარდამჭერებს პროტესტისკენ მოუწოდეს.

სასამართლო განიხილავდა რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის შუამდგომლობას, რათა ნავალნის პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეეცვალა. სასჯელაღსრულების სამსახურის შუამდგომლობას ასევე მხარს უჭერდა რუსეთის გენერალური პროკურატურა.

ალექსეი ნავალნი 17 იანვარს რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს.  2014 წლის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადისა და პირობითი სასჯელის დარღვევისთვის სასამართლომ მას 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი.

2014 წელს რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული".

კომენტარები