ალექსეი ნავალნის დაპატიმრება

რუსეთში ნავალნის სასამართლო პროცესის დღეს 1 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

Meduza

გუშინ, 2 თებერვალს მოსკოვის სასამართლოში ალექსეი ნავალნის პროცესი გაიმართა. მთელი დღის მანძილზე პოლიციამ 1 012 ადამიანი დააკავა, 300-ზე მეტი ადამიანი – დღისით სასამართლოს მიმდინარეობისას, მოქალაქეების უმეტესობა კი – ნავალნის განაჩენის გამოცხადების შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია OVD-Info ავრცელებს. 

მოსკოვის საოლქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ ნავალნის თანამოაზრეებმა ოპოზიციონერის მხარდამჭერებს პროტესტისკენ მოუწოდეს.

სასამართლო განიხილავდა რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის შუამდგომლობას, რათა ნავალნის პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეეცვალა. სასჯელაღსრულების სამსახურის შუამდგომლობას ასევე მხარს უჭერდა რუსეთის გენერალური პროკურატურა.

ალექსეი ნავალნი 17 იანვარს რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს.  2014 წლის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადისა და პირობითი სასჯელის დარღვევისთვის სასამართლომ მას 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი.

2014 წელს რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული".

კომენტარები