კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია

Neqsol: ციფრული აბრეშუმის გზის პროექტი რეგიონში არც ერთ ქვეყანას აზარალებს

კავკასუს ონლაინის 100% წილის მფლობელი აზერბაიჯანული კომპანია Neqsol Holding-ის წარმომადგენელმა, კომუნიკაციების კომისიის განცხადების შემდეგ, კომენტარი გააკეთა. 

"გვესმის რომ არსებობს წუხილები, რომლებიც დაკავშირებულია მონაცემთა ცენტრების და ინტერნეტის გადაცემის წერტილების დამონტაჟებასთან, მაგრამ ამ ყველაფერს გეოგრაფიული მდებარეობიდან უნდა შევხედოთ. Საქართველო სწორედ ის ადგილია, რომელიც ყველაზე ახლოს მდებარეობს ევროპასთან. ატარებს ინტერნეტს და ლოგიკური იქნება, რომ მონაცემთა ცენტრები სწორედ აქ განთავსდეს. ამ პროექტის მეორე ელემენტი არის აზერბაიჯანის დაკავშირება აზიასთნ კასპიის ზღვის მეშვეობით, რაც ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილია.

გვჯერა, რომ ციფრული აბრეშუმის გზის პროექტი რეალურად მთელი რეგიონისთვის სასარგებლოა და არ უნდა ვთქვათ, რომ რომელიმე ქვეყანა რამეს კარგავს." - თქვა Neqsol Holding-ის სტრაგეგიული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა თემურ თაგიევმა BMG-სთან გაკეთებულ კომენტარში.

ციფრული აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში, კავკასუს ონლაინის მფლობელობაში მყოფი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტკაბელი ევროპისა და ჩინეთის დაკავშირებისთვის უნდა გამოეყენებინათ. ამჟამად ევროპისა და ჩინეთის მაკავშირებელი კაბელები რუსეთის ფედერაციის გავლით გადის. კომუნიკაციების კომისიამ ეს პროექტი საფრთხის შემცველად მიიჩნია. მათი აზრით, ამ პროექტით საქართველო რეგიონში არსებულ უპირატესობას დაკარგავს და ვეღარ ჩამოყალიბდება ციფრულ ჰაბად. ციფრული აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ხელშეკრულებას კავკასუს ონლაინში კომუნიკაციების კომისიის მიერ დანიშნულმა სპეციალურმა მმართველმა ხელი არ მოაწერა.

Neqsol Holding-ი არის აზერბაიჯანული კომპანია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში. მას შემდეგ, რაც მისმა წარმომადგენელმა ნასიბ ჰასანოვმა კავკასუს ონლაინის 51%-იც შეიძინა, ეს უკანასკნელი 100%-იანი წილით ნექსოლის ხელში აღმოჩნდა. საქართველოს კომუნიკაციების კომისიის შეფასებით, ეს ქმედება არალეგალური იყო, პროცესში დაირღვა საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ და წილების საწყის ეტაპზე დაბრუნებას ითხოვს.

BMG-სთან გაკეთებული კომენტარის მიხედვით, Neqsol Holding-მა კომუნიკაციების კომისიას კავკასუს ონლაინის 51%-ის შესყიდვის შესახებ თანხმობა სთხოვა, მაგრამ დაუსაბუთებელი უარი მიიღეს. თავდაპირველად, კავკასუს ონლაინსა და კომუნიკაციების კომისიას შორის უთანხმოება სწორედ იმ მიზეზით დაიწყო, რომ კავკასუს ონლაინმა 49%-იანი წილის გაყიდვის შესახებ კომისია არ გააფრთხილა. ამის შემდეგ კომუნიკაციების კომისიამ მოითხოვა, რომ წილის წინა მფლობელ ხვიჩა მაქაცარიას მფლობელობის 49% დაბრუნებოდა, მყიდველ ნასიბ ჰასანოვს კი გადახდილი თანხა. ეს შეუძლებელი იყო, რადგან კავკასუს ონლაინი მხოლოდ International Online Networks LLC-ის ოფშორული კომპანიის შვილობილი ფირმა იყო. 

2020 წლის ივლისში, საქართველოს პარლამენტმა ელექტრონული კომუნიკაციების კანონში ცვლილება მიიღო, რომელიც კომუნიკაციების კომისიას კანონის დამრღვევ კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებას აძლევდა. სპეციალური მმართველი კომპანიის დე-ფაქტო მფლობელი იქნებოდა, რადგან მას ფაქტობრივად აბსოლუტური ძალაუფლება ექნებოდა. ამ საფრთხის გამო, კავკასუს ონლაინის 51% ჰასანოვმა დაჩქარებულად შეიძინა. 

კავკასუს ონლაინში სპეციალური მმართველის დანიშვნა Neqsol-მა საერთაშორისო არბიტრაჟსა და საქართველოს სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლოს საბოლოო დასკვნის გადაწყვეტამდე, სააპელაციო სასამართლომ კავკასუს ონლაინში დანიშნულ სპეციალურ მმართველს უფლებამოსილება შეუჩერა. 

დღეს კავკასუს ონლაინის ყოფილი სპეციალური მმართველი კომუნიკაციების კომისიას ანგარიშს წარუდგენს.


2019 წელს ნასიბ ხასანოვმა კაუკასუს ონლაინის მესაკუთრე კომპანიის International Online Networks LLC-ის 49%-იანი წილი ხვიჩა მაქაცარიასგან შეიძინა. გარიგება ოფშორში, კერძოდ, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე შედგა.

2019 წლის გაზაფხულზე კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომუნიკაციების სფეროში მოქმედ კომპანიებს ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციის განახლება მოსთხოვა. ასეთი მონიტორინგი დაახლოებით ორ წელიწადში ერთხელ ხდება.

კაუკასუს ონლაინმა კომისიას დადგენილ ვადებში მიაწოდა ინფორმაცია განახლებული ბენეფიციარების შესახებ, რის შემდეგაც მარეგულირებელმა 2016 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე, კაუკასუს ონლაინის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

კომისიის 2016 წლის გადაწყვეტილება მდგომარეობს იმაში, რომ კონკრეტულად კაუკასუს ონლაინი, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვალდებულია, რომ მარეგულირებელ კომისიას წინასწარ მიაწოდოს ინფორმაცია ბენეფიციარი კომპანიის აქციონერების ცვლილების შესახებ. რადგან კაუკასუს ონლაინს კომისიისთვის ინფორმაცია წინასწარ არ მიუწოდებია, კომისიამ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. 

თავის მხრივ, მხოლოდ შეტყობინების მექანიზმი კომისიას ვერ მისცემს საშუალებას, გააკონტროლოს საქართველოს იურისდიქციის მიღმა განხორციელებული გარიგებები.

კანონში ამ ბუნდოვანი ჩანაწერის ფონზე, მარეგულირებელი კოპალაძისგან მოითხოვდა, უკან დაებრუნებინა ის შეთანხმება, რაც ოფშორებში შედგა ხვიჩა მაქაცარიასა და ნასიბ ხასანოვს შორის. რევაზ კოპალაძეს ამ შეთანხმებაზე გავლენის მოხდენა არ შეეძლო. მარტივად რომ ვთქვათ, შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელებს არ შეუძლიათ, აიძულონ მფლობელი კომპანიის მესაკუთრეეები, უკან დააბრუნონ შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ნასიბოვმა წილი მიიღო, მაქაცარიამ კი – თანხა.

კაუკასუსმა სასამართლოს სარჩელით მიმართა. პარალელურად კომპანიას ჯარიმების გადახდა უწევდა.

დავის კულმინაცია 25 ივნისს იყო. როგორც წესი, სამჯერ დაჯარიმების შემდეგ, მარეგულირებელი კომპანიისთვის ავტორიზაციის შეჩერებაზე იწყებს მსჯელობას. 25 ივნისის სხდომის მონაცემებით, კაუკასუს ონლაინი უკვე სამჯერ დაჯარიმებული და ერთხელ გაფრთხილებული იყო, შესაბამისად, არსებობდა მოლოდინი, რომ, შესაძლოა, კომისიას კომპანიისთვის ავტორიზაცია შეეჩერებინა, თუმცა, ეს არ გააკეთეს, ვინაიდან კაუკასუს ონლაინი ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში.

საქართველოს მობილური და ფიქსირებული ბაზრის 2/3 ამ კომპანიით სარგებლობს, ისევე, როგორც სომხეთის თითქმის 100% და აზერბაიჯანის 60%. კაუკასუს ონლაინი გადამყიდველების საშუალებით ასევე ოპერირებს ახლო აღმოსავლეთშიც. კომპანია ფლობს .Ge დომეინსაც, შესაბამისად, მისთვის ავტორიზაციის ჩამორთმევა, მითუმეტეს სადავო ნორმის საფუძველზე, კომისიას არ შეეძლო.

აქედან რამდენიმე დღეში კი ინიცირებულ იქნა კანონპროექტი, რომელიც მოიცავდა ცვლილებებს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში. ცვლილების მიხედვით, კომუნიკაციების კომისიას კანონის დამრღვევ კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნა შეეძლო, რომელიც კომპანიის დე-ფაქტო მეპატრონე ხდებოდა. 

ამ კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოაქვეყნა ვენეციის კომისიამ. მათი შეფასებით, ცვლილება მარეგულირებელ კომისიას გადაჭარბებულ ძალაუფლებას აძლევს.

“ვენეციის კომისიას მსგავსი ძალაუფლების მქონე სხვა მარეგულირებელი ორგანო კომუნიკაციების სფეროში ევროპის ფარგლებში არ ახსენდება”. – წერია განცხადებაში.

 

 

 

 

კომენტარები