კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: სერიოზული საფრთხის წინაშე ვართ, ვაქცინაციის მიმართ უპრეცედენტო პასიურობაა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველო ინფიცირების მატების საფრთხის წინაშეა, რადგან მისი განმარტებით, ვაქცინაციის მიმართ უპრეცედენტო პასიურობა შეინიშნება. 

მისივე თქმით, საზოგადოება კორონავირუსის გამო დაწესებულ მინიმალურ რეგულაციებსაც აღარ ასრულებს და პირბადის ტარების მაჩვენებელი 42%-ზე ჩამოვიდა. 

"სერიოზული საფრთხის წინაშე ვდგავართ რამდენიმე მიზეზის გამო: ის, რომ საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა შემოვიდა და უწყვეტად შემოვა, უპრეცედენტო პასიურობაა ვაქცინაციის მიმართ, უდიდესი სკეპტიციზმი და ფაქტობრივად, მასობრივი ვაქცინაცია ჯერჯერობით ვერ ხერხდება და მეორე - ხალხი გათამამდა, აღარ ასრულებს მინიმალურ რეგულაციებს, განსაკუთრებით პირბადეების ტარებაზე. სულ რაღაც ერთი თვის წინ 70% იყო პირბადეების ტარება, ესეც დაბალია - 90 უნდა იყოს და ეხლა ჩამოვიდა 42%-ზე, რაც საგანგაშო ნიშანია". - ამბობს ცერცვაძე. 

როგორც ის ამბობს, თუ მოსახლეობა სრულმასშტაბიანი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვება და დაიცავს რეგულაციებს, თანდათან ყველანაირი შეზღუდვა მოიხსნება, მათ შორის - კომენდანტის საათიც. 

"მინდა იცოდეს მოსახლეობამ, რომ საქართველო დღეს დგას გზაგასაყარზე, უნდა აირჩიოს ორი სცენარიდან ერთ-ერთი, პირველი - ის უარს ამბობს სკეპტიციზმზე, მიუხედავად იმ ერთი საბედისწერო შემთხვევისა, რომელიც ყველა ქვეყანაში შეიძლება მოხდეს და ერთვება აქტიური, სრულმასშტაბიანი ვაქცინაციის პროცესში, პარალელურად ვაფართოვებთ პირბადეების ხმარებას, სოციალურ დისტანცირებას და ხალხმრავალი შეკრებებიდან თავის აცილებას. ასეთ შემთხვევაში, გვაქვს ძალიან კარგი პერსპექტივა, რაც ბევრ ქვეყანას არ აქვს, ეს არის, რომ ახალი შემთხვევები  უფრო შემცირდება, გარდაცვალებები შემცირდება და შეიძლება განულდეს კიდევ, რასაც თან მოყვება ყველანაირი შეზღუდვის მოხსნა, მათ შორის კომენდანტის საათის". - ამბობს ცერცვაძე. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში გამოვლინდა ინფიცირების 450 ახალი შემთხვევა,  გარდაიცვალა 8 ადამიანი,  გამოჯანმრთელდა 254 პირი. ჩატარდა 23 293 ტესტი. 

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოში 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. ჯერჯერობით, აცრა მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვისაა შესაძლებელი.

დღეს, 24 მარტს, ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინა შემოვა. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ფაიზერი შემოვა, მოქალაქეებს ვაქცინის არჩევა შეეძლებათ.

კომენტარები