ვაქცინაცია

აცრებზე დაბალი აქტივობის გამო, ტიკარაძე რეგიონებში მედიკოსებთან "გასაუბრებებს" აპირებს

ჯანდაცვის მინისტრი ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო პერსონალის დაბალი აქტივობის გასაზრდელად რეგიონებში გასაუბრებების ჩატარებას აპირებს. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პირველ შეხვედრას საჩხერის კლინიკაში გამართავს.

„ეს ინფორმაცია [რეგიონებში სამედიცინო პერსონალის დაბალი ჩართულობის] დაავადებათა კონტროლის მხრიდან ჩვენც გვაქვს მიღებული და მე პირადად ვგეგმავ რეგიონებში სამედიცინო პერსონალთან გასაუბრებებს. ხვალიდან დავიწყებ ინტენსიურ გასაუბრებებს ჩვენს კოლეგებთან. ვინაიდან საჩხერის კლინიკა იყო დასახელებული, ის იქნება ალბათ პირველი, რომელსაც მოვინახულებ და იმერეთის რეგიონი, სადაც ხვალ განვახორციელებ ვიზიტს". – განაცხადა ეკა ტიკარაძემ. 

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ჯერჯერობით, აცრა მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვისაა შესაძლებელი. ერთ კვირაში ვაქცინაცია ჯანდაცვის სექტორის მხოლოდ 3 843-მა  მუშაკმა ჩაიტარა. დაბალი აქტივობის გამო, 25 მარტიდან, ვაქცინაციაში 65 წლის ზემოთ ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვებიან.

კომენტარები