ვაქცინაცია

ცერცვაძე: თუ არ ავიცრებით, შემთხვევები გაიზრდება და მოჰყვება სრული ან ნაწილობრივი ლოკდაუნი

დღეს საქართველო დგას გზაჯვარედინზე, პირდაპირ ვთქვათ, გვაქვს ორი შესაძლო სცენარი და ორი პერსპექტივა. პირველი, რომ დავძლევთ იმ სკეპტიციზმს და უნდობლობას, რომელიც ვაქცინის მიმართ ისედაც იყო საქართველოში და ამ ერთმა უბედურმა შემთხვევამ, რომელიც სრულიად შემთხვევითი იყო, გააძლიერა ეს ნეგატიური ტენდენციები ვაქცინის მიმართ. ბოლო ორ დღეში შემცირდა ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი. უნდა დაძლიონ ეს სკეპტიციზმი და უნდა ჩაერთონ ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის კამპანიაში.

დღეში ჩვენ გვჭირდება დაახლოებით 3-4 ათასი ადამიანის აცრა მაშინ, როცა ვცრიდით 400-500 ადამიანს ხოლო იმ შემთხვევის შემდეგ ასი ადამიანი ძლივს აიცრა. ფართომასშტაბიან ვაქცინაციას უნდა მივმართოთ. ასეთ შემთხვევაში შევინარჩუნებთ ინფიცირების დაბალ რიცხვს, დაიკლებს გარდაცვლილთა რიცხვი, შესაძლოა, ნულზე დავიდეს. ამას ავტომატურად მოჰყვება ყველანაირი შეზღუდვის გაუქმება. ახალი შეზღუდვები აღარ იქნება საჭირო. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფომ ან უკვე შემოიღო ახალი ლოკდაუნი, ან აპირებს შემოღებას. თუ არ გვინდა ეს იყოს, მაშინ დავიწყოთ ფართო ვაქცინაცია. ეს საშუალებას მოგვცემს, გავხსნათ ეკონომიკა და დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას და აღარ განმეორდეს ის მტკივნეული პროცესები, რომელიც ყველამ გადავიტანეთ. 

მეორე სცენარით თუ წავალთ, თუ გავჯიუტდებით და უარს ვიტყვით ვაქცინაზე, მივეცემით სკეპტიციზმს, არ გვექნება ნდობა ვაქცინაციის მიმართ და არ ჩავებმებით კამპანიაში, მაშინ გარდაუვალია შემთხვევების მატება, სამწუხაროდ, ალბათ გარდაცვლილთა მატებაც. ამას თან მოჰყვება შეზღუდვების მატება, სრული ან ნაწილობრივი ლოკდაუნი და უამრავი დისკომფორტი. უნდა დავფიქრდეთ, დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ საღი აზრი გაიმარჯვებს და არ იტყვიან უარს ვაქცინაზე და პირიქით, რიგები იქნებ ვაქცინაციის პუნქტებთან და დღეში ჩვენ მოვახერხებთ 3-4 ათასის აცრას...

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. 

კომენტარები