პოლიტიკური კრიზისი

სტოლტენბერგი: შეშფოთებულები ვართ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებით, მათ შორის მელიას დაჭერით

სტოლტენბერგი ბრიუსელში შეხვედრაზე
nato.int

"მოკავშირეები ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებით,  მათ შორის ნიკა მელიას დაჭერით". –  ამბობს ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი.

ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

იენს სტოლტენბერგის მიხედვით,  მოკავშირეები ღრმად შეშფოთებულები არიან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისით და სურთ, რომ მალევე გამოინახოს   გზა,  რათა საქართველომ გააგრძელოს რეფორმების იმპლემენტაცია. ამასთან ერთად, იენს სტოლტენბერგი მიესალმება ევროკავშირის მედიაციას მოლაპარაკებებში

"ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ იპოვოს გამოსავალი  ამ კრიზისიდან და შეძლოს ფუნქციონირებადი პარლამენტის აღდგენა, ჩვენ ასევე მივესალმებით ევროკავშირის მხრიდან მედიაციის მცდელობას. დღეს პრემიერმინისტრთან  ამაზე ვისაუბრეთ და ვფიქრობ, რომ ჩვენი პარტნიორები მომდევნო შეხვედრებზეც გაამახვილებენ ამ საკითხებზე ყურადღებას". – ამბობს იენს სტოლტენბერგი


ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიატორობით საქართველოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი განახლდა. მიშელმა მხარეებს შეთანხმების 6-პუნქტიანი ჩარჩო შესთავაზა. 

მიშელმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, პოლიტიკური დიალოგის მხარდაჭერისთვის კრისტიან დანიელსონი პირად წარმომადგენლად გამოგზავნა. დანიელსონი 5 დღის განმავლობაში ხვდება ოპოზიციურ პარტიებსა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს. 14 მარტს ქართულ ოცნებასთან შეხვედრის შემდეგ კრისტიან დანიელსონმა თქვა, იმისთვის, რომ პროცესები კიდევ უფრო წინ წავიდეს, მისი ვიზიტი საქართველოში კიდევ გახანგრძლივდება.

პარალელურად, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში 15 მარტს ჩაფრინდა და პირველი შეხვედრა შარლ მიშელთან გამართა. 

16 მარტს პრემიერმინისტრი იმყოფებოდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელსა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის.

17 მარტს  შეხვედრა გაიმართა ევროპარლამენტსა და ნატოში, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი  ნატოს შტაბბინაში ალიანსის გენერალური მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა.  

 

კომენტარები