პოლიტიკური კრიზისი

ღარიბაშვილი: აბსოლუტურად ყველას რჩევაა, რომ პოლიტიკური ცხოვრება პარლამენტში გაგრძელდეს

დღეს მე მქონდა ევროპარლამენტში შეხვედრები ჩვენს მეგობრებთან, იმ ხალხთან რომლებიც არიან დაინტერესებული საქართველოს უკეთესი მომავლით. მათი რჩევა არის შემდეგი: პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამონახონ საერთო ენა და პოლიტიკური ცხოვრება ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ საქართველოს პარლამენტში – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ვიზიტის მესამე დღეს ისაუბრა.

"ჩვენ, რა თქმა უნდა ,დიალოგს ვაგრძელებთ, მაგრამ ყველა იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც თქვენ აქ გუშინ მოისმინეთ, ის განცხადება, რაც არის ბატონი ბორელის, ბატონი ვარჰელის, ეს არის ევროკომისიის ოფიციალური პოზიცია და ეს პოზიცია გაახმოვანეს მათ. აქედან გამომდინარე, კითხვები, რომლებიც უკავშირდება არჩევნების ლეგიტიმურობას და რომელზეც ჩვენ ბოლო ანგარიში ვნახეთ ოდირის, მოვისმინეთ გუშინ განცხადებები ევროკავშირის და დღესაც იგივე დადასტურდა, რეალურად ეს გამორიცხავს ყოველგვარ შეკითხვას  და კითხვას, რომელიც ამ ხელოვნური კრიზისიდან მომდინარეობს. აქედან გამომდინარე, მე  ვიტოვებ იმედს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ სააკაშვილს და მის რადიკალურ ზრახვებს და იდეებს, მე მჯერა იმ კონსტრუქციული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციონერების, რომლებიც გადაწყვეტენ, მიიღებენ გაბედულ ნაბიჯს და შეუერთდებიან პარლამენტს". – თქვა ღარიბაშვილმა


ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიატორობით საქართველოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი განახლდა. მიშელმა მხარეებს შეთანხმების 6-პუნქტიანი ჩარჩო შესთავაზა. 

მიშელმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, პოლიტიკური დიალოგის მხარდაჭერისთვის კრისტიან დანიელსონი პირად წარმომადგენლად გამოგზავნა. დანიელსონი 5 დღის განმავლობაში ხვდება ოპოზიციურ პარტიებსა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს. 14 მარტს ქართულ ოცნებასთან შეხვედრის შემდეგ კრისტიან დანიელსონმა თქვა, იმისთვის, რომ პროცესები კიდევ უფრო წინ წავიდეს, მისი ვიზიტი საქართველოში კიდევ გახანგრძლივდება.

კომენტარები