NFT

ილონ მასკი მუსიკალურ ვიდეოს NFT-ის სახით ყიდის

კომპანია Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა საკუთარ Twitter-ზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის მუსიკალურ ვიდეოს NFT-ის სახით გაყიდვას აპირებს. 

უნიკალური ტოკენი ანუ NFT (Non-fungible token) ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კრიპტო სისტემაა, რომელიც ციფრული პროდუქტებისა და აქტივების ფლობის ექსკლუზიური უფლების გაყიდვის საშუალებას იძლევა. 

აუქციონზე გამარჯვებული პირი ამ მუსიკალური ვიდეოს ფლობის ციფრულ სერტიფიკატს მიიღებს, რომელიც დეცენტრალიზებული ბლოკჩეინ სისტემის საშუალებით იქნება დამოწმებული.  

მუსიკალური ვიდეო სავსეა მინიშნებებითა და პარალელებით, ოქროს “ამაოების თასის“ გარშემო მონეტებისა და ძაღლების ფიგურებია, რაც ბიტკოინისა და Dogecoin-ისადმი მასკის მხარდაჭერის შესახებ მიუთითებს. 

გარდა ამისა, ვხედავთ წარწერას  – HODL, რაც ინვესტორებში გავრცელებული ტერმინია და კრიპტოვალუტის შენახვას ნიშნავს. 

ოქროს თასის მწვერვალს კი NFT-ის ლოგო ამშვენებს. 

თავად მუსიკა ელექტრონულ ჟანრს მიეკუთვნება და მისი ტექსტიც NFT ტექნოლოგიის შესახებაა: 

"NFT for your vanity, computers never sleep, it's verified, it's guaranteed".

მუსიკალური ვიდეოს გაყიდვის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ილონ მასკმა ახალი ოფიციალური ტიტული მიიღო - Technoking of Tesla. 

11 მარტს კრისტის აუქციონზე NFT-ის სახით რეკორდულ 69.3 მილიონ დოლარად გაიყიდა Beeple-ის ციფრული სურათი. 

NFT-ის სახით ისტორიაში პირველი ტვიტი 2.5 მილიონ დოლარად გაყიდა Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეკ დორსიმ. 

სავარაუდოდ, ილონ მასკის მუსიკალური ვიდეო არა კრისტის, არამედ ონლაინ აუქციონზე გავა. მისი საწყისი ფასი და აუქციონის ზუსტი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 

კომენტარები