კორონავირუსი და შეზღუდვები

გამყრელიძე კომენდანტის მოხსნაზე: შემდგომ ეტაპზე ეს საკითხიც იქნება განხილული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, შეზღუდვების შემსუბუქებიდან ყოველი ორი კვირის შემდეგ არის დაკვირვების პროცესი. შესაბამისად, თუ ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია ასე გაგრძელდება, გამყრელიძის ცნობით, მარტის ბოლოსთვის, შესაძლოა, კომენდანტის საათიც შემსუბუქდეს.

"დღეს შემსუბუქების კიდევ ერთი ეტაპი დაიწყო [...] ყოველი შემსუბუქების შემდეგ 10 დღე, ორი კვირა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას. დარწმუნებული ვარ, რასაც მეკითხებით [კომენდანტის საათის მოხსნა] ისიც შემსუბუქდება, ოღონდ ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის ფონზე. კოვიდსიტუაცია თუ ასეთი სტაბილური იქნება, შემდგომ ეტაპზე ეს საკითხიც იქნება განხილული, როგორც გითხარით, ერთიდან ორი კვირის შემდეგ ვაკვირდებით ხოლმე". – ამბობს გამყრელიძე ჟურნალისტებთან საუბრისას.

ქვეყანაში 21:00-დან 05:00 საათამდე მოქმედი კომენდანტის საათი კვლავ ძალაშია. 25 თებერვლიდან უკვე გაიხსნა სასტუმროები სამთო კურორტებზე და აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.

27 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვირის დღეებთან ერთად შაბათ-კვირასაც მუშაობს. 1-ელი მარტიდან გაიხსნა კერძო და საჯარო ბაღები. უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობა აღდგა და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარება შეუძლიათ. მუშაობა განაახლეს მუზეუმებმა და ბიბლიოთეკებმა. განახლდა კონფერენციები და ტრენინგები.

8 მარტიდან მთელ საქართველოში რესტორნებს შიდა სივრცეში მუშაობის უფლება მიეცათ. შეზღუდვა შაბათ-კვირას შენარჩუნდება; ასევე, სავაჭრო მოლები და ბაზრობები მუშაობას შაბათ-კვირის ჩათვლით შეუძლიათ. სამთო კურორტებზე საბაგიროები გაიხსნა. 

1-ელი აპრილიდან: 

  • აღდგება თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლების დასწრებით.

 

კომენტარები