პოლიტიკური კრიზისი

ხაზარაძე: დანიელსონმა კობახიძის საპასუხოდ თქვა, რომ რჩება სანამ არ შევაჯერებთ საკითხებს

მამუკა ხაზარაძე

ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსომა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სიტყვების საპასუხოდ განაცხადა, რომ თბილისში რჩება, სანამ ძირითადი საკითხები არ შეჯერდება. 

"ეს რა განცხადებაა, როცა ქვეყნის მომავალს ეხება, როცა შეხვედრა არ არის დამთავრებული, როცა ჩვენ მედიატორი არ გვხვდება დღეს და არ ვიცით, რა პოზიციები დააფიქსირა ჩვენი შეხვედრის მერე ქართულმა ოცნებამ. უცბად გამოდიხარ და ამზადებ მესიჯ-ბოქსს, რომ ესენი გაკოტრებულები არიან. ვინ რჩება გაკოტრებული? ნახევარი საქართველო? მაგის თქმა უნდა?

ეს პოლიტიკაა, რომ ანგრევს ამ ქვეყანას. გაყოფილია ეს ქვეყანა, ყველაფერი გაყოფილი რომ აქვთ შუაზე, დაპირისპირება რომ აქვთ. ასე არცერთი მოლაპარაკება, არცერთი შეთანხმება არ ხდება. მე მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ დანიელსონს, რომ ამის საპასუხოდ გააკეთა განცხადება, რომ მე ვრჩები აქ, სანამ ჩვენ არ შევაჯერებთ ძირითად საკითხებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. დარწმუნებული ვარ, იგი ესაუბრა ბატონ მიშელსაც". – თქვა ხაზარაძემ. 

ირაკლი კობახიძემ დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ თქვა, დისკუსიები პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ გაგრძელდება, რომელიც ასოცირების საბჭოს სხდომაზე 16 მარტს უნდა წარდგეს. მისივე თქმით, "ცარიელი ხელებით არის დარჩენილი მხოლოდ ოპოზიცია. მათ აქვთ ცარიელი ხელები, დარჩენილები არიან ქუჩაში, არიან გაკოტრებული".

ქართულ ოცნებასთან შეხვედრის შემდეგ კრისტიან დანიელსონმა თქვა, იმისთვის, რომ პროცესები კიდევ უფრო წინ წავიდეს, მისი ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში, კრისტიან დანიელსონი პირად წარმომადგენლად გამოგზავნა.

დანიელსონი უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ორი დღის განმავლობაში გრძელდება ინდივიდუალური შეხვედრები ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

კომენტარები