კომენდანტის საათი

ტიკარაძე კომენდანტის საათზე: შემდეგი პერიოდიც შეზღუდულები ვიქნებით, რომ კიდევ მეტი დავთმოთ

"ჩვენ არ გვაქვს ამის ფუფუნება" - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კომენდანტის საათთან დაკავშირებით რუსთავი ორის კითხვას - "ცოტა მეტი როდის შეიძლება დათმოთ, რამდენ ხანში". 

"ჩვენ უკვე გვაქვს გარკვეული მატება ინფიცირების, მე ვთვლი, რომ შემდეგი პერიოდის მანძილზეც საკმაოდ შეზღუდულები ვიქნებით ამ ფუფუნებისგან, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი დავთმოთ, ვინაიდან თითოეული შეზღუდვის მოხსნა გადის გარკვეულ რისკებთან, ეს რისკები არის საკმაოდ მაღალი და თითოეული რისკი შემდეგ ხდება ჩვენი თითოეული მოქალაქის შესაძლო ლეტალური გამოსავლის მატარებელი, აქედან გამომდინარე, მე, როგორც ჯანდაცვის მინისტრს, ამის უფლება ჩემი მოქალაქეების წინაშე არ მაქვს" - ამბობს ტიკარაძე.

ამასთან, კითხვაზე, დაუჭერდა თუ არა მხარს ღამის გადაადგილების შეზღუდვის 22:00-მდე გადაწევას, ჯანდაცვის მინისტრი უარყოფითად პასუხობს.

"მე ამას მხარს არ დავუჭერდი, ვინაიდან ჯანდაცვის სამინისტრომ და ეპიდემიოლოგებმა გააკეთეს ძალიან ბევრი დათმობა, ჩვენ ავიღეთ საკმაოდ დიდი რისკი ჩვენს თავზე, როდესაც მხარი დავუჭირეთ საკოორდინაციო საბჭოზე შეზღუდვების ასეთ მყისიერ მოხსნას, ჩვენ დაგვრჩა რეალურად ერთერთი ყველაზე ეფექტური ბერკეტი, რომელიც აპრობირებულია სხვა ქვეყნებში.

უნდა ითქვას, რომ სხვა ქვეყნებში 19:00-სა და 20:00-ზე იწყება ეს შეზღუდვები, აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ 21:00 ეს არის ის ოპტიმალური დათმობა, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ თავის დროზე" - ამბობს ტიკარაძე.

2020 წლის 28 ნოემბრიდან, საქართველოში კომენდანტის საათი 21:00-დან 05:00-მდე მოქმედებს. იქამდე, სამი კვირის განმავლობაში, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა 22:00-დან იწყებოდა.

1 თვის წინ, NCDC-ის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ თქვა, რომ კომენდანტის საათს "ალბათ, ყველაზე ბოლოს" მოხსნიან. მას არ ჰგონია, რომ ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა აპრილშიც გაგრძელდება, თუმცა, აღნიშნა, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორი სიტუაცია იქნება. ამირან გამყრელიძის განცხადებით კი, კომენდანტის საათი მაშინ მოიხსნება, "როდესაც ეპიდსიტუაცია მყარად სტაბილური იქნება".

კომენტარები