კორონავირუსი და შეზღუდვები

"როდესაც ეპიდსიტუაცია მყარად სტაბილური იქნება" – როდის მოიხსნება კომენდანტის საათი

"როდესაც ეპიდსიტუაცია მყარად სტაბილური იქნება"  – ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე კითხვას, როდის მოხსნება კომენდანტის საათი ქვეყანაში.

კითხვაზე, რას ნიშნავს მყარად სტაბილური, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ რამდენიმე მაჩვენებელი უნდა იყოს დაბალი.

"როდესაც მთელ ქვეყანაში 7-დღიანი ინციდენტობა, 14-დღიანი ინციდენტობა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი, საწოლფონდის დატვირთვის მაჩვენებელი, რეანიმაციებში ავადმყოფთა რაოდენობის მაჩვენებელი, სასუნთქ აპარატზე ავადმყოფთა რაოდენობა იქნება ისეთი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, კიდევ შემდგომი ნაბიჯი გადავდგათ. ყველა შეზღუდვის ერთბაშად მოხსნა არ არის რეკომენდებული, ეს უნდა მოხდეს თანდათანობით.

დღეს ძალიან დიდი შეზღუდვა მოიხსნა, დიდ ქალაქებში სკოლებში სწავლა დაიწყო, ეს არის მობილობის ზრდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტიმული, 10-14 დღე უნდა დავაკვირდეთ მდგომარეობას და შემდეგ უკვე, მომდევნო შემსუბუქებებზე ვიფიქროთ" - ამბობს გამყრელიძე.

ორი კვირის წინ, NCDC-ის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ თქვა, რომ კომენდანტის საათს "ალბათ, ყველაზე ბოლოს" მოხსნიან. მას არ ჰგონია, რომ ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა აპრილშიც გაგრძელდება, თუმცა, აღნიშნა, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორი სიტუაცია იქნება.

28 ნოემბრიდან, საქართველოში კომენდანტის საათი 21:00-დან 05:00-მდე მოქმედებს. იქამდე, სამი კვირის განმავლობაში, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა 22:00-დან იწყებოდა.

კომენტარები