არჩევნები 2020

IRI: დაშინების ფაქტებმა, დისბალანსირებულმა ოქმებმა ხელი შეუშალეს საერთო მიღწევებს

ტაბულა

"დაშინების ფაქტებმა, სახელმწიფო ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ ინფორმაციამ, ჟურნალისტებზე ძალადობის შემთხვევებმა და დისბალანსირებულმა შემაჯამებელმა ოქმებმა ხელი შეუშალეს საერთო მიღწევებს" - ამის შესახებ 2020 წლის არჩევნების ტექნიკური შეფასების IRI-ის საერთაშორისო მისიის ანგარიშში წერია. IRI-ის განცხადებითვე, "მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირდა დისბლანსირებული შემაჯამებელი ოქმების, შედეგების გადამოწმებისა და შესწორების საკმაოდ ბევრი შემთხვევა, რაც საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესის გამართულობას, მათი მასშტაბი არ ახდენს გავლენას არჩევნების საბოლოო შედეგებზე".

"გარდა ამისა, საარჩევნო კომისიის ზედა დონეზე სუსტი რეაგირების გამო, საზოგადოებრივი ნდობა საარჩევნო ინსტიტუტების მიმართ დაბალი დარჩა, განსაკუთრებით, შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის ჭრილში. ამავე დროს, პარტიულმა პოლემიკამ შეამცირა ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე - განსაკუთრებით ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რომლებიც დაჟინებით ცდილობდნენ ცესკოს დისკრედიტაციას.

უფრო მეტიც, საარჩევნო მენეჯმენტის შერჩევის და დაკომპლექტების პროცედურებმა კვლავ ხაზგასმით აღნიშნა საპარლამენტო უთანასწორო წარმომადგენლობა რეგიონალურ საარჩევნო კომისიებში, განსაკუთრებით, აღმასრულებელ თანამდებობებზე, რაც საზიანოა საარჩევნო კომისიების მიმართ ნდობის მოპოვებისთვის, კერძოდ, საარჩევნო ადმინისტრაციული ორგანოების ქვედა რგოლებში" - ნათქვამია ანგარიშში.

IRI-ის ტექნიკური მისიის შეფასებით, "საჩივრების განხილვისა და რეაგირების პროცესის არასათანადოდ შესრულებამ შეაფერხა პოლიტიკურად დაინტერესებული მხარეებისა და სამოქალაქო საზოგადოების უფლება, გაეგრძელებინათ იურიდიული დავები, რადგან ისინი უფრო მეტად ორიენტირებულნი არიან პროცედურული ბარიერების გადალახვაზე, ვიდრე თითოეული საჩივრის შინაარსზე".

ანგარიშში მოცემული ინფორმაცია ექვსმა გრძელვადიანმა ანალიტიკოსმა მოიპოვა. ისინი თბილისში ატარებდნენ შეხვედრებს 2020 წლის სექტემბრიდან ნოემბრის თვის ჩათვლით სახელმწიფო უწყებებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საარჩევნო ადმინისტრაციასა და სხვა ჩართული მხარეების წარმომადგენლებთან, რათა შეეფასებინათ საარჩევნო ადმინისტრაცია, წინასაარჩევნო კამპანია, შედეგების დათვლის პროცესი, მედია და საინფორმაციო სივრცე, ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობა და
COVID-19-ით გამოწვეული გლობალური პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების
მზაობა. 

"განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ამომრჩეველთა მიმართ ძალადობისა და
იძულების მუდმივი ფაქტები, რაც, ზოგჯერ, საფრთხის შემცველი იყო, განსაკუთრებით
კი ეთნიკური უმცირესობებით მჭირდოდ დასახლებულ რეგიონებში" - წერია დოკუმენტში.

IRI-ის მისია აღნიშნავს, რომ საარჩევნო რეფორმებმა, რომლებმაც მცირე პარტიებს საშუალება მისცა, შესულიყვნენ პარლამენტში და გადაელახათ ბიპოლარული სისტემა, შედეგად გამოიღო
გაუმჯობესებული პოლიტიკური და გენდერული წარმომადგენლობა.

"საარჩევნო მართვის ორგანოებმა უსაფრთხოების ზომები მიიღეს COVID-19–ის გავრცელების პრევენციის მიზნით არჩევნებამდე და არჩევნების დღეს.

ცესკო, საარჩევნო სუბიექტები და ამომრჩეველები მზად აღმოჩნდნენ COVID-19- ის გამო
შექმნილ გამოწვევებთან რეაგირებისთვის. 31 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ,
კოვიდ-19-ით ინფიცირების მაღალი რისკის მიუხედავად, არჩევნებზე წასვლით,
დემოკრატიული პროცესის მიმართ საკუთარი ენთუზიაზმი გამოხატა.

საარჩევნო სუბიექტების, საინიციატივო ჯგუფების, პარტიული სიების და ინდივიდუალური
კანდიდატების ინკლუზიურმა რეგისტრაციამ, აგრეთვე საარჩევნო მოხელეების ტრენინგებმა და სამოქალაქო განათლების ინიციატივამ ცესკოს კომპეტენციის მაღალი ხარისხი აჩვენა. გარდა ამისა, საყურადღებოა ცესკოს მზაობა გლობალური პანდემიის დროს საკარანტინო სივრცეში, თვითიზოლაციაში მყოფი და ინფიცირებული ამომრჩევლების ხმის მიცემის ხელშესაწყობად" - ნათქვამია ანგარიშში.

IRI-ის ტექნიკურმა მისიამ რეკომენდაციებიც გამოაქვეყნა ხელისუფლების, ცესკოს, სამართალდამცავი ორგანოების, პოლიტიკური პარტიების, კანდიდატების, საარჩევნო შტაბების, ჟურნალისტებისა და მედიაორგანიზაციებისთვის.

რეკომენდაციები ხელისუფლებას:

  • არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა განაცხადეს საჯარო მოხელეებისა და პარლამენტის წევრების შესახებ, რომელთა მხრიდან ხდებოდა სოციალური დახმარებების გაცემა ან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება. სახელმწიფო რესურსების არასათანადოდ გამოყენება საარჩევნო აქტივობებისთვის ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისა თუ კანდიდატის სასარგებლოდ უნდა იყოს სანქცირებული, 1990 წლის ეუთო-ს კოპენჰაგენის ხელშეკრულების თანახმად. ხელისუფლებამ, ცესკო-მ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა და უწყებათაშორისმა კომისიამ უნდა აკრძალონ საჯარო მოხელეების პარტიულ აქტივობებში მონაწილეობა და მათ მიერ ოფიციალურ განკარგულებაში არსებული ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება. გამჭვირვალეობისა და ანგარიშვალდებულების გასაძლიერებლად ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტები უნდა განიხილოს მიუკერძოებელმა სასამართლომ და მათი ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში, უნდა მოხდეს დამრღვევთა გასაჯაროება და სანქცირება.
  • 1990 წლის არჩევნების შესახებ კოპენჰაგენის ხელშეკრულებისა და საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, რომელთაც საქართველო უერთდება, დაზარალებულ მოქალაქეებს უნდა მიეცეთ საჩივრის დაწერის უფლება. დღეის მდგომარეობით, მოქალაქეებს საჩივრის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ ამომრჩეველთა სიაში საკუთარ სახელთან დაკავშირებულ პრობლემებზე. პარლამენტმა უნდა შეიტანოს ცვლილება საარჩევნო კოდექსში და მისცეს მოქალაქეებს უფლება, საჩივარი დაწერონ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.
  • არაერთი მხარე, რომელსაც საარჩევნო ტექნიკური შეფასების მისია შეხვდა, უწყებათაშორისი კომისიის მუშაობას აფასებდა, როგორც არაეფექტურს. უწყებათაშორისმა კომისიამ უნდა ჩაატაროს შიდა აუდიტი და შეფასება, რათა აღმოაჩინოს ხარვეზები და მოახდინოს რესტრუქტურიზაცია მომავალი შეხვედრების პროფესიონალურად და ყველა მხარის ჩართულობით ჩასატარებლად; ასევე, საკუთარი მანდატისა და მრჩევლის ფუნქციის შესასრულებლად, რომელიც წარმოადგენს "არჩევნებში ჩართულ სახელმწიფო სტრუქტურებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შესაძლებლობების უზრუნველყოფას".
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა მონაცემები საარჩევნო კამპანიის დაფინანსებასა და ხარჯებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური შეფასების მისიასთან მოსაუბრე მხარეებმა აუდიტის სამსახური დადებითად დაახასიათეს, შეფასების მისია აღნიშნავს, რომ აუდიტის სამსახური რესურსების სიმცირეს განიცდის: მას არ ჰყავს საკმარისი თანამშრომლები და აკლია შესაძლებლობა და ძალაუფლება კომპლექსური პოლიტიკური შემოწირულებების სიღრმისეული გამოძიებისთვის. პარლამენტმა უნდა გაუზარდოს დაფინანსება სახელმწიფო აუდიტს მისი პასუხისმგებლობების პროპორციულად. ასევე, საჭიროა დამატებითი პერსონალი იმისთვის, რომ მოხდეს კამპანიის ფინანსებისა და ხარჯების დროული გამოძიება და გამოქვეყნება. გარდა ამისა, გაზრდილი სახელმწიფო დაფინანსების შედეგად, სახელმწიფო აუდიტის ოფისმა უნდა შეძლოს დამოუკიდებელი საგამოძიებო საქმიანობის წარმოება საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით და არ უნდა ეყრდნობოდეს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. 2012 წლის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კანონის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროკურატურამ და სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უკეთ უნდა ითანამშრომლონ, ერთმანეთს გაუზიარონ ინფორმაცია საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაზე და დააწესონ სანქციები კანონდამრღვევი პოლიტიკური პარტიებისთვის.
  • არჩევნების შემდგომ პერიოდში მოსახლეობის უსაფრთხოებისა და კანონის უზენაესობის დაცვისთვის, შსს უნდა იცავდეს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და ადამიანის უფლებების სტანდარტებს, მათ შორის შეკრების უფლებასა და შეკრებილთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას. სამართალდამცავი ორგანოები უნდა იცავდნენ ძირეულ თავისუფლებებს არჩევნებამდე, არჩევნების დღესა და შემდგომ პერიოდში მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნების მიზნით.

რეკომენდაციები პოლიტიკურ პარტიებს, კანდიდატებს და საარჩევნო შტაბებს

  • ბევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ხაზი გაუსვა მუქარის, დაშინების და პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის შემთხვევებს კამპანიის პერიოდში. ფიზიკური ძალადობის შემთხვევების ზრდა არჩევნების დღეს, ასევე, იძულებითი და სხვა ძალადობრივი ქმედებები, წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევას. პოლიტიკურმა პარტიებმა, კანდიდატებმა და საარჩევნო კამპანიის გუნდებმა უნდა მოუწოდონ თავიანთ მომხრეებს, თავი შეიკავონ ძალადობისგან, პროვოკაციისა ან დაშინებისგან და თავიანთი პოზიციის გამოსახატავად, ჩართონ საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცეულ, კონსტრუქციულ დიალოგსა და მოლაპარაკებებში. მხარეები უნდა გამოხატავდნენ სურვილს ჩაერთონ კონსტრუქციულ დებატებში, სადაც ყურადღება გამახვილებული იქნება საქართველოს მოსახლეობის წინაშე არსებულ პრობლემურ და მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების და ნაკლებადწარმოდგენილი ჯგუფების წინაშე მდგარ გამოწვევებზე.
  • პოლიტიკურმა პარტიებმა, საარჩევნო სუბიექტებმა და მათმა კოორდინატორებმა უნდა დაიცვან პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები, რათა უზრუნველყონ, რომ მათი მხარდამჭერები არ ჩაერევიან ოპონენტების კამპანიის ან სადამკვირვებლო პროცესებში და საჯაროდ დაგმობენ ყოველგვარ ქმედებას, რომელიც შეიცავს იძულებას, დაშინებას ან მოსყიდვას.
  • პოლიტიკურმა პარტიებმა თავი უნდა აარიდონ და საჯაროდ დაგმონ სოციალური მედიით მანიპულირება, რომელიც გამოიყენება პარტიული იდენტობის მიზანმიმართულად კითხვის ნიშნის ქვეშ დასაყენებლად, პოლარიზაციის გასაღრმავებლად და დეზინფორმაციის გასავრცელებლად ამომრჩევლის დაბნევის მიზნით.
  • თუ გავითვალისწინებთ საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ისტორიულ მნიშვნელობასა და ტრადიციას და ცოტა ხნის წინ მიღებულ გენდერულ კვოტას, აუცილებელია, პოლიტიკურმა პარტიებმა მიიღონ ზომები იმისათვის რომ ქალი წევრები სამართლიანად იღებდნენ და იყენებდნენ პარტიის რესურსებს. აუცილებელია ქალთა მუდმივი მხარდაჭერა მათი უნარების ამაღლებისა და ტრენინგების გზით, რაც გააუმჯობესებს მმართველობის ხარისხს ყველა მოქალაქისთვის.
  • ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კანდიდატების უმრავლესობა მათი პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში ინტერესდება. იმისათვის, რომ ნაკლებადწარმოდგენილი ჯგუფების მარგინალიზება თავიდან იყოს აიცლებული, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა შეძლონ უმცირესობების წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაცია წლის განმავლობაში, გახსნან პარტიის ოფისები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში და ამომრჩეველს მიაწოდონ ინფორმაცია ეთნიკური უმცირესობების ენებზე. გარდა ამისა, საქართველოში ახალგაზრდების პოლიტიკური მონაწილეობის დონე დაბალია, განსაკუთრებით, ქვემო ქართლში, ეთნიკურად აზერბაიჯანულ მოსახლეობაში; პანკისში, ეთნიკურად მუსლიმ ჩეჩენ (ქისტ) მოსახლეობაში და სამცხე-ჯავახეთში, ეთნიკურად სომეხ მოსახლეობაში. იმისათვის, რომ გაიზარდოს სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მცხოვრები და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი კანდიდატების რაოდენობა და პოლიტიკური ჩართულობა, პარტიებმა უნდა შეიმუშაონ ან / და გააძლიერონ კანდიდატების შერჩევის შიდა დემოკრატიული პროცესები. ასევე, შეიმუშაონ კამპანიის მესიჯები, რომლებიც ისეთივე მრავალფეროვანი იქნება, როგორც საქართველოს მოსახლოება და ინვესტიცია ჩადონ ახალგაზრდებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებთან კომუნიკაციაში.

ამერიკის შეერთებული შტაბების სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით, 6 საერთაშორისო გრძელვადიანი ანალიტიკოსი აშშ-დან, პოლონეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან და ფინეთიდან იმყოფებოდნენ თბილისში 2020 წლის სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით და ჩაატარეს 100-ზე მეტი შეხვედრა და ინტერვიუ სხვადასხვა მხარესთან. არჩევნების ტექნიკური შეფასების მისიას ხელმძღვანელობდნენ ჯესიკა კიგანი, IRI-ს მრჩეველი საერთაშორისო საარჩევნო საკითხებში და სლავომირ ჟიშკა.

კომენტარები