არჩევნები 2020

ISFED: საპარლამენტო არჩევნებზე მეტობით დისბალანსი 8%-ს შეადგენს

ტაბულა

არასამართავრობო ორგანიზაცია ISFED-ის ინფორმაციით, ორგანიზაციამ ხელახლა გადათვალა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების PVT უბნები და დაადგინა, რომ მეტობით დისბალანსი 8%-ს შეადგენს.

 დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გამგეობის წევრმა, ბაია პატარაიამ თქვა, რომ გადათვლის პროცესში ჩართული იყო 20 ადამიანზე მეტი, რომლებაც ძალიან დეტალურად შეისწავლეს უბნები.

"ჩვენ გადავწყვიტეთ - ISFED-ის გამგეობამ, ადმინისტრაციამ და სტაფმა, რომ ხელახლა გადაგვეთვალა ყველა PVT უბანი - 850 უბანი, ძალიან დეტალურად ვსწავლობთ ამ უბნებს, არა მარტო PVT-ს გუნდი, არამედ ისფედის თანამშრომლები, დაახლოებით 20 ადამიანზე მეტი, მათ შორის რეგიონალური ოფისებიდანაც სწავლობდნენ ამ მონაცემებს და შემიძლია, გითხრათ, რომ მეტობით დისბალანსი შეადგენს 8%-ს, როგორც ეს ჩვენ ადრე რამდენჯერმე განვაცხადეთ". - თქვა მან.

ბაია პატარაიას თქმით, ISFED მზად არის, რომ შეცვალოს პრაქტიკა და მეტობით დისბალანში მყოფი 8%-ის ოქმები დეტალურად განიხილოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, ან ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან ერთად.

"მიუხედავად იმისა, რომ, როგორც წესი, PVT-ს უბნები რჩება საიდუმლოდ და არ არსებობს ამის პრაქტიკა, ჩვენ ვაპირებთ, რომ დავუშვათ გამონაკლისი და ეს 8%-ის ოქმები დეტალურად გავიაროთ ცესკოსთან ან ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ პირთან ერთად, იმისთვის, რომ ყოველგვარი ეჭვი იქნას აღმოფხვრილი და იმისთვის, რომ ორგანიზაციამ დააკმაყოფილოს გამჭვირვალეობის მაქსიმალური სტანდარტი". - თქვა მან.

პატარაიამ საუბრის დროს კიდევ ერთ მონაცემს გაუსვა ხაზი - მისი თქმით, ISFED-მა მთლიანობაში 160 უბანზე მოითხოვა ხმების გადათვლა, ხოლო აქედან მხოლოდ 16 მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

"აქვე კიდევ ერთ მონაცემს გაგაცნობთ - მარტო ISFED-მა 160 უბანზე მოითხოვა ხმების გადათვლა, თუმცა აქედან დაკმაყოფილდა მხოლოდ 16, სხვა ორგანიზაციებიც თავისთავად ითხოვდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ხმების გადათვლა, რაც ჩაითვლებოდა ერთადერთ მართებულ და სამართლიან საფუძვლად, რომ ჩასწორებულიყო ოქმები, ეს არ შედგა და ეს პრაქტიკაც აუცილებლად უნდა შევცვალოთ". - თქვა მან.

ISFED-მა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების პარალელური დათვლა ჩაატარა.  1-ელ ნოემბერს ორგანიზაციამ გამოაქვეყნა დათვლის შედეგები, რომლის მიხედვითაც საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები დაფიქსირდა, რასაც PVT ანალიზის მიხედვით შედეგებზე, შესაძლოა, მაქსიმუმ, 4.1%-ზე ნაკლები გავლენა ჰქონოდა.

11 დეკემბერს, ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომ შიდა აუდიტით გამოვლინდა ხარვეზი არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიის (PVT) საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში, რომლის შედეგადაც ქართულ ოცნებას არჩევნებზე ხმების 45.8%-ის ნაცვლად 47.6% აქვს. სამართლიან არჩევნებში აცხადებდნენ, რომ ეს სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე, ხოლო არჩევნების დაბალი სტანდარტით ჩატარება კვლავ გამოიხატება საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსში.

24 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ISFED-ს ელენე ნიჟარაძე აღარ უხელმძღვანელებდა.

კომენტარები