მიანმარი

მიანმარმა აუნ სან სუ ჩის მხარდაჭერისთვის დიდი ბრიტანეთიდან ელჩი გაიხმო

Reuters

მიანმარმა დიდი ბრიტანეთიდან მიანმარის ელჩი გაიხმო. ელჩმა ქვეყანაში მომხდარი სამხედრო გადატრიალება გააკრიტიკა და ლიდერის აუნ სან სუ ჩის გათავისუფლება მოითხოვა.

ელჩმა კიავ ზვარ მინმა BBC-ს უთხრა, რომ ქვეყანა უკვე "გაყოფილი" იყო და სამოქალაქო ომის რისკი არსებობდა.

ელჩმა კიავ ზვარ მინმა აუნ სან სუ ჩის და პრეზიდენტის გათავისუფლება ოფიციალურ განცხადებაში მოითხოვა. BBC-სთან საუბრისას ელჩმა აღნიშნა, რომ განცხადების გავრცელების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დაინახა, რომ საპროტესტო აქციების დროს მსხვერპლის რაოდენობა იზრდებოდა.

"არ მინდა, ვუყურო მიანმარის მოქალაქეების დაღუპვას. მოვუწოდებ ყველას, [დემონსტრანტებს და სამხედროებს] გაჩერდნენ.. ქვეყანა უკვე ძალიან დაყოფილია და სამოქალაქო ომის რისკი არსებობს. მე მშვიდობა მსურს". – თქვა ელჩმა.

მან ასევე მხარი დაუჭირა ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერ აუნ სან სუ ჩის.

"თანამდებობაზე ქალბატონმა სუ ჩიმ დამნიშნა და მის ბრძანებებს შევასრულებ. მოვითხოვ, მისი და პრეზიდენტ უ ვინ მინტის გათავისუფლებას. პრობლემაზე პასუხი არ არის ნიუ-იორკში ან ლონდონში, ის ნაიფიიდოშია". – თქვა ელჩმა.

ინტერვიუს დროს კიავ ზვარ მინმა აღნიშნა, რომ მისი განცხადება არ არის "ქვეყნის ღალატი". დიდ ბრიტანეთში ის ელჩის თანამდებობას 2013 წლიდან იკავებს. ზვარ მინის განმარტებით, ის არ აპირებს დიდ ბრიტანეთს თავშესაფარი სთხოვოს. ელჩმა აღნიშნა, რომ საელჩოს არ ჰქონდა პირდაპირი კომუნიკაცია მიანმარის სამხედრო ხუნტასთან. 

მოგვიანებით მაინმარის ხელისუფლებამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, მიანმარმა დიდი ბრიტანეთიდან ელჩი გაიხმო. კიავ ზვარ მინის მომდევნო ნაბიჯები ჯერჯერობით უცნობია.


პირველ თებერვალს მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ქვეყანაში ერთი წლით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ძალაუფლება კი სამხედრო ძალებს გადაეცა, კონკრეტულად - მთავარსარდალ მინ აუნ ჰლაინს. ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერი აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები, მათ შორის პრეზიდენტი, დააკავეს. ისინი შინაპატიმრობაში არიან.

სამხედრო გადატრიალება არჩევნების შემდგომ სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ზრდას მოჰყვა. შეიარაღებული ძალების ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ნოემბერში გამართული არჩევნები, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა, გაყალბდა.

სამხედრო გადატრიალებას ქვეყანაში ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დემონსტრანტების წინააღდეგ სამართალდამცველები ცრემლსადენ გაზს, რეზინის ტყვიებს, ხმოვან ყუმბარებს და ცეცხლსასროლ იარაღს იყენებენ.

კომენტარები