მიანმარი

მიანმარის საპროტესტო აქციებზე კიდევ 38 ადამიანი დაიღუპა

BBC

მიანმარში 4 მარტს გამართულ საპროტესტო აქციებს მინიმუმ 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვეროლა. სამხედრო გადატრიალების შემდეგ დაღუპულთა რიცხვი 50-ს გადასცდა.

ცეცხლი მშვიდობიან დემონსტრანტებს რამდენიმე ქალაქში გაუხსნეს. სამთავრობო ძალებმა საბრძოლო ტყვიების, ხმოვანი ყუმბარებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება ფაქტობრივად ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიწყეს. 

ეს 1-ლი მარტის შემდეგ, როდესაც სამთავრობო ძალების მიერ გახსნილ ცეცხლს 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ყველაზე სისხლიანი დღეა მიანმარის საპროტესტო აქციების განმავლობაში.

მიანმარის პოლიციას დემონსტრანტების დარბევაში სამხედრო ძალებიც ეხმარება. კერძოდ, მსუბუქ ქვეითთა 33-ე ბატალიონი. 33-ე ბატალიონი ცნობილია 2017 წლის დაუნდობელი ქმედებებით მიანმარში მცხოვრები როჰინჯათა ეთნიკური უმცირესობის მიმართ.

გაეროს სპეციალური ელჩის, შრანერ ბურგენერის ცნობით, დაკავებულია 1200-მდე ადამიანი. ასევე, მისი თქმით, მან მიანმარის სამხედრო ხუნტა გააფრთხილა, რომ ზოგიერთი სახელმწიფო მათ წინააღმდეგ მკაცრ ნაბიჯებს გადადგამს, სანქციებს დააწესებს და ქვეყანა იზოლაციაში მოექცევა.

"ჩვენ შეჩვეულები ვართ სანქციებს და მათ აქამდეც გადავურჩით". - ასე პასუხა სამხედრო ხუნტამ სანქციებით მუქარას.

"მხოლოდ რამდენიმე მეგობართან ერთად ყოფნა უნდა ვისწავლოთ". - ეს კი უთხრა შრანერ ბურგენერს სამხედრო ხუნტამ იზოლაციით მუქარაზე. 

ამ კვირაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის წევრთა საგარეო საქმეთა მინისტრები სამხედრო ხუნტასთან მოლაპარაკების გამართვას აპირებენ. 


პირველ თებერვალს მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ქვეყანაში ერთი წლით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ძალაუფლება კი სამხედრო ძალებს გადაეცა, კონკრეტულად - მთავარსარდალ მინ აუნ ჰლაინს. ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერი აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები, მათ შორის პრეზიდენტი, დააკავეს. ისინი შინაპატიმრობაში არიან.

სამხედრო გადატრიალება არჩევნების შემდგომ სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ზრდას მოჰყვა. შეიარაღებული ძალების ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ნოემბერში გამართული არჩევნები, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა, გაყალბდა.

კომენტარები