ჭყონდიდის ეპარქია

ბოტკოველი მარტვილზე: პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები შევამჩნიეთ

მიქაელ ბოტკოველი, ანდრია ჯაღმაიძე
კადრი ვიდეოდან/ მთავარი არხი

"ჩვენ შევამჩნიეთ იქ არამხოლოდ მორწმუნე ადამიანები, არამედ პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები". – ამბობს პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი მარტვილის ეპარქიაში მომხდარ დაპირისპირებაზე. 

"ჩვენ დავინახეთ ადამიანების ჯგუფები, რომლებსაც არანაირი შემხებლობა არ ჰქონდათ ეკლესიურ ცხოვრებასთან. ისინი არანაირად არ ავლენდნენ ეკლესიური ცხოვრებისათვის დამახასიათებელ თავისებურებებს. სად გინახიათ, რომ მორწმუნე ადამიანი ეპისკოპოსის რეზიდენციაში ძალმომრეობით იჭრებოდეს. ეს ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ასეთი დესტრუქციული ქმედებების დროს, ასეთ ადამიანებს აგულიანებენ ის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკასთან არიან შემხებლობაში". – ამბობს ბოტკოველი. 

თავად მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი ამბობს, რომ მრევლის პროტესტს ენმ-ს აქტივისტი მეთაურობდა. 

"მრევლიც არ იყო, მე გავიგე, ქუთაისელები, ნაციონალური მოძრაობის წევრები ყოფილან და ერთ-ერთი, ძველი პარტიული აქტივის საკრებულოს თავმჯდომარე, თავკაცობდა მიტინგს, რომელიც მოაწყვეს. თითქოს ეკლესიაში მიტინგებით რაიმე უნდა გადაწყდეს". –ამბობს მიტროპოლიტი ნეტგაზეთის ცნობით. 

საპატრიარქოს განცხადებით, "საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ უკანონო მოქმედებები აღიკვეთება". 

კათედრაზე ახლადდადგენილმა მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა ეპარქიის ორ დიაკონს, რომლებიც უარს ამბობდნენ მასთან თანამსახურებაზე, მღვდელმოქმედება შეუჩერა, რასაც მრევლის ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. პროტესტის შემდგომი შეხლა-შემოხლისას ეპარქიის აივნის მოაჯირი ჩამოიმტვრა და ათამდე ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტები  გადმოცვივდნენ.  ტვ პირველის ინფორმაციით, დაშავდა მათი ოპერატორი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, ასევე დაზიანებები მიიღო ჟურნალისტმა. მთავარი არხის ინფორმაციით, შემთხვევის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მათი ტელევიზიის ჟურნალისტს.

ასევე, დაშავდნენ რუსთავი 2-ის, ფორმულას და POST TV-ის წარმომადგენლებიც.

კომენტარები