ჩანაწერები

პრემიერმინისტრი Twitter-ზე გამოჩნდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კელი დეგნანთან შეხვედრას ტვიტერზე ეხმაურება. როგორც პრემიერი წერს, საქართველოში აშშ-ს ელჩთან შეხვედრაზე საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. 

"აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან ერთად განვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, COVID-19 პანდემია და რთული სიტუაცია ოკუპირებულ რეგიონებში. ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ის მხარდაჭერას". – წერს პრემიერი. 

ეს პრემიერმინისტრის პირველი გამოჩენაა მას შემდეგ, რაც TV პირველზე  რეზონანსული სიუჟეტი გავიდა, რომელიც სავარაუდოდ, მისი და ბერა ივანიშვილის სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერია. 

სიუჟეტის შესახებ პრემიერს ამ დრომდე არაფერი უთქვამს. 

სიუჟეტი ეთერში შაბათს, 6 მარტს გავიდა. ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელს, ანზორ ჩუბინიძეს, მოუწოდებს, დასაჯოს ის ადამიანები, რომლებიც Facebook-ზე მის შესახებ ცუდ კომენტარებს წერენ. 

ქართული ოცნების სხვადასხვა ლიდერი ჩანაწერს ანონსის გაშვების დღესვე გამოეხმაურა. სიუჟეტის გაშვების დღესვე მმართველ გუნდში პოლიტსაბჭო შეიკრიბა. მმართველი გუნდის ოფიციალური პოზიციის მიხედვით, ჩანაწერები 2010 წელსაა გაკეთებული და, ამავდროულად, ფაბრიკაციას წარმოადგენს. 

ჩანაწერზე საუბრისგან ქართული ოცნების სხვა მაღალჩინოსნებიც იკავებენ თავს. მაგალითად, ამ დრომდე არაფერი უთქვამს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს. 2-დღიანი დუმილის შემდეგ, 8 მარტს თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ ის კომენტარის გაკეთებას არ აპირებს. მთავრობის კაბინეტის არცერთ წევრს განცხადება არ გაუკეთებია. 

კომენტარები