ჩანაწერები

რატომ გაუჩინარდა საჯარო სივრციდან პრემიერი?

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ამ დრომდე არაფერი უთქვამს TV პირველზე გასული რეზონანსული სიუჟეტის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ, მისი და ბერა ივანიშვილის სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერია. 

პრემიერმინისტრი საჯაროდ ბოლოს 4 მარტს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამოჩნდა. ამ დღის შემდეგ მას არც ოფიციალურ Facebook-გვერდზე დაუწერია რამე. საქართველოს მთავრობის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოს მიხედვით, 9 მარტს გამართულ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს ტრადიციულად ხელმძღვანელობდა ირაკლი ღარიბაშვილი. კომენტარი არც სხდომის დასრულების შემდეგ არ გაუკეთებია. 

სიუჟეტი ეთერში შაბათს, 6 მარტს გავიდა. ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელს, ანზორ ჩუბინიძეს, მოუწოდებს, დასაჯოს ის ადამიანები, რომლებიც Facebook-ზე მის შესახებ ცუდ კომენტარებს წერენ. 

ქართული ოცნების სხვადასხვა ლიდერი ჩანაწერს ანონსის გაშვების დღესვე გამოეხმაურა. სიუჟეტის გაშვების დღესვე მმართველ გუნდში პოლიტსაბჭო შეიკრიბა. მმართველი გუნდის ოფიციალური პოზიციის მიხედვით, ჩანაწერები 2010 წელსაა გაკეთებული და, ამავდროულად, ფაბრიკაციას წარმოადგენს. 

ჩანაწერზე საუბრისგან ქართული ოცნების სხვა მაღალჩინოსნებიც იკავებენ თავს. მაგალითად, ამ დრომდე არაფერი უთქვამს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს. 2-დღიანი დუმილის შემდეგ, 8 მარტს თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ ის კომენტარის გაკეთებას არ აპირებს. მთავრობის კაბინეტის არცერთ წევრს განცხადება არ გაუკეთებია. 

კომენტარები