ჭყონდიდის ეპარქია

მამა ჯაღმაიძე: ვწუხვარ, ჟურნალისტები რომ დაშავდნენ, იმ აივანზე საერთოდ არ უნდა ასულიყვნენ

მთავარი არხი

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძე მარტვილის ეპარქიაში მომხდარ დაპირისპირებას "რეზიდენციაში შეჭრის მცდელობად" აფასებს. მისი აზრით, "ის, რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ, შესაძლებელია, მხოლოდ შეედაროს ძალიან მძვინვარე დევნის მომენტს, მსგავსი რამ არ მომხდარა საქართველოში კომუნისტების დროიდან". ჯაღმაიძის თქმით, ეპარქიის რეზიდენცია არის "საკუთრება", რომელში უნებართვოდ შესვლის უფლებაც არავის აქვს.

"კრებას კარს უმტვრევენ და უვარდებიან შიგნით, რამდენად მიგაჩნიათ ეს სწორად? ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს, ამას ვამბობ ძალიან ბევრი მღვდელმთავრის სახელით, რომლებიც დღეს გვიკავშირდებოდნენ, გვიანობამდე ვერ გავაკეთეთ განცხადება, რადგან დაზუსტება გვინდოდა დეტალების, ახლა მეტნაკლებად ცნობილია და ხვალ კიდევ უფრო მეტი იქნება სიცხადე". - ამბობს დეკანოზი ჯაღმაიძე და აღნიშნავს, რომ "მრევლის პროტესტი არ ამართლებს რეზიდენციაში შეჭრას ძალით".

რაც შეეხება ეპარქიის რეზიდენციის აივნის მოაჯირის ჩამტვრევას, პატრიარქის პრესმდივანი ამბობს, რომ წუხს ამ ინციდენტის გამო.

"ჯანმრთელობა დაუზიანდათ ადამიანებს, მათ შორის ჟურნალისტებს, ძალიან სამწუხარო ფაქტია, ვუსურვებ გამოჯანმრთელებას. თუმცა, ეს არის ერთი მხარე, მეორე მხარე არის ის, რაც მე ვთქვი... ძალიან სამწუხაროა, რომ ჟურნალისტები დაშავდნენ, იქ არის აივანი საკმაოდ ვიწრო, იყო ძალიან ბევრი ხალხი ასული, იქ არ უნდა ასულიყვნენ საერთოდ ჟურნალისტები, კრება მიდის და ერთი შუშა ყოფს აივანს და კრების დარბაზს, იქ არ უნდა ყოფილიყვნენ ჟურნალისტები. მე თქვენ გეტყვით, როდესაც მეუფე სტეფანეს წარდგინება იყო, ქალბატონი ემა [გოგოხია] ძლივს გავაცილეთ იმ აივნიდან, რომ არ დამორჩილებოდა, ალბათ, შესაძლებელია, იმ დღესაც გადმოცვენილიყო იქიდან ხალხი, ისეთი ჟინით უნდოდა იქ დგომა, უნებართვოდ". - ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.

კათედრაზე ახლადდადგენილმა მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა ეპარქიის ორ დიაკონს, რომლებიც უარს ამბობდნენ მასთან თანამსახურებაზე, მღვდელმოქმედება შეუჩერა, რასაც მრევლის ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. პროტესტის შემდგომი შეხლა-შემოხლისას ეპარქიის აივნის მოაჯირი ჩამოიმტვრა და ათამდე ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტები  გადმოცვივდნენ.  ტვ პირველის ინფორმაციით, დაშავდა მათი ოპერატორი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, ასევე დაზიანებები მიიღო ჟურნალისტმა. მთავარი არხის ინფორმაციით, შემთხვევის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მათი ტელევიზიის ჟურნალისტს.

ასევე, დაშავდნენ რუსთავი 2-ის, ფორმულას და POST TV-ის წარმომადგენლებიც.

კომენტარები