მიანმარში პოლიციამ საავადმყოფოებისა და უნივერსიტეტების შენობები დაიკავა, ასევე დააკავეს კიდევ ასობით დემონსტრანტი.
7 მარტს დაძაბული ვითარება იყო მიანმარის უდიდეს ქალაქ იანგონში, სადაც კომენდანტის საათის შემდეგ მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა მსხვილკალიბრიანი იარაღის სროლისა და ხმოვანი ხელყუმბარების აფეთქების ხმები.
ცნობების მიხედვით, სროლის ხმები მოდიოდა საავადმყოფოების მიმდებარე ტერიტორიებიდან, სადაც ადგილობრივი დემონსტრანტები ცდილობდნენ, პოლიციისა და ჯარის შენაერთები შენობებში არ შეეშვათ.
სამთავრობო ძალების სამიზნეში სამედიცინო პერსონალი აქამდეც ხვდებოდა. გავრცელდა ვიდეომასალაც, რომელშიც ჩანს, პოლიციელები როგორ ურტყამენ ექიმებს ფეხებს, ხელკეტებსა და კონდახებს:
არსებობს საშიშროება, რომ საავადმყოფოებში შეყვანილ დაჭრილ პაციენტებს მიანმარის პოლიცია დააკავებს.
მიანმარის მუშათა კავშირი მთელ ქვეყანას 8 მარტიდან ეკონომიკის სრული მასშტაბით შესაჩერებლად ყოველ დასაქმებულს გაფიცვისკენ მოუწოდებს. ისინი თვლიან, რომ ამ მეთოდით სამხედრო გადატრიალების შეჩერებას შეძლებენ.
პირველ თებერვალს მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ქვეყანაში ერთი წლით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ძალაუფლება კი სამხედრო ძალებს გადაეცა, კონკრეტულად - მთავარსარდალ მინ აუნ ჰლაინს. ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერი აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები, მათ შორის პრეზიდენტი, დააკავეს. ისინი შინაპატიმრობაში არიან.
სამხედრო გადატრიალება არჩევნების შემდგომ სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ზრდას მოჰყვა. შეიარაღებული ძალების ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ნოემბერში გამართული არჩევნები, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა, გაყალბდა.
სამხედრო გადატრიალებას ქვეყანაში ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დემონსტრანტების წინააღდეგ სამართალდამცველები ცრემლსადენ გაზს, რეზინის ტყვიებს, ხმოვან ყუმბარებს და ცეცხლსასროლ იარაღს იყენებენ.