ვადამდელი არჩევნები

ბოკერია მდინარაძეზე: განცხადება გუშინწინდელი წარსულიდან არის და ჩვენთვის არაფერს ნიშნავს

ტაბულა

"ეს განცხადება გუშინწინდელი წარსულიდან არის და არაფერს ნიშნავს ჩვენთვის". – ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. 

"აქ ახალი არაფერი არ არის. პრეზიდენტმა მიშელმა თქვა, რომ 2-კვირიან შემჭიდროებულ ვადაში ხედავს ამ საკითხების დაძვრას, თუ ის დაიძვრება და ამას ვიხილავთ შემდეგ დღებში. ეს განცხადება, ხატოვნად რომ ვთქვათ, გუშინწინდელი წარსულიდან არის და არაფერს არ ნიშნავს ჩვენთვის. 

ვითარება ვერ განიმუხტება, ყველა იმ საკითხზე თუ არ მოხდა დაძვრა, რა ჩარჩოც დადო პრეზიდენტმა მიშელმა. ამ საკითხებს შორის არის გრძელვადიანი თემები და არის თემები, რომელიც მყისიერად უნდა გადაწყდეს - პოლიტიკური მართლმსაჯულება, პოლიტიკური დაპატიმრებები და ვადამდელი არჩევნები. ამ საკითხების გადაწყვეტის გარეშე ამბავი მთლიანად ვერ დაიძვრება". – ამბობს გიგა ბოკერია ფორმულასთან ინტერვიუში. 

ქართული ოცნების აღმსრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, ვადამდელი არჩევნები არ იქნება, თუ ოპოზიცია კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვება და "ოცნების" სასარგებლოდ "1%-იან გადახრას მაინც არ იპოვნიან".


შარლ მიშელთან ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა გაიმართა. ლიდერების თქმით, შეხვედრაზე მხარეებს შორის დიალოგი განახლდა და მოლაპარაკების მაგიდაზე არსებულ პუნქტებს კიდევ 2, მართლმსაჯულებასა და ძალაუფლების დანაწილების შესახებ პუნქტები დაემატა. დიალოგის მთავარ საგნად კვლავ რჩება პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა.  

ტაბულასთვის ცნობილი გახდა, რა წერია შარლ მიშელის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ 6-პუნქტიან ჩარჩოში:

1. ამბიციური საარჩევნო რეფორმა

  • საქართველოში დემოკრატიის ღრმა კონსოლიდაციისთვის

2. ​კანონის უზენაესობა / სამართლის რეფორმა

  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით კითხვები

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნები

  • რეფორმები კორუფციასთან ბრძოლის გასაძლიერებლად

3. პოლიტიკური მართლმსაჯულება / პატიმრების საკითხი

4. ძალის გადანაწილება პარლამენტში

  • საგამოძიებო კომისია

  • პარლამენტში როლებისა და პასუხისმგებლობების სამართლიანი განაწილება

5. პოტენციური ვადამდელი არჩევნები / მზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის

6. ფასილიტაციის / მედიაციის გაგრძელება და განხილვა 2021 წლის მარტში.

კომენტარები