ვადამდელი არჩევნები

მდინარაძე: ვადამდელი არჩევნები არ იქნება, თუ ოპოზიცია კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვება

ტაბულა

ქართული ოცნების აღმსრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, ვადამდელი არჩევნები არ იქნება, თუ ოპოზიცია კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვება და "ოცნების" სასარგებლოდ "1%-იან გადახრას მაინც არ იპოვნიან".

"რაც შეიძლება მოკლე დროში ჩვენ უნდა მოვახერხოთ, ერთმანეთთან ვიპოვოთ გადაკვეთის წერტილები და შეთანხმება უნდა დასრულდეს პოზიტიური შედეგით. დაახლოებით, ეს მცდელობა ჩვენ უნდა გამოგვივიდეს 2-კვირიან ვადაში და ეს იქნება ძალიან კარგი, მათ შორის, არსებობს ჩამონათვალი კონკრეტული საკითხებისა, რაც ისედაც იდო მაგიდაზე, უბრალოდ დაემატა გარკვეული საკითხები და ეს იყო კონპილაცია იმ საკითხებისა, რომელიც ისედაც წარმოდგენილი ჰქონდა მოლაპარაკების მაგიდასთან ოპონენტებს. 

ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად მყარი პოზიცია ყველა საკითხთან დაკავშირებით. გუშინ შეხვედრიდან გამოსულმა ჩვენმა ოპონენტებმა სცადეს სპეკულირება და საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ, თითქოს იქ რაღაც ვადამდელ და რიგგარეშე არჩევნებზე იყო საუბარი. პირიქით, ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი არ არის. არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, ეს ჩვენი პოზიციაა და ამ პოზიციაზე მყარად ვდგავართ და ასეც იქნება მომავალში - არანაირი რიგგარეშე, ანუ ვადამდელი არჩევნები არ იქნება ერთადერთი პირობის შემთხვევის გარდა - თუ ისინი ჩაერთვებიან კომისიის მუშაობაში და 1%-იან გადახრას მაინც იპოვნიან ქართული ოცნების სასარგებლოდ". – ამბობს მამუკა მდინარაძე. 


შარლ მიშელთან ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა გაიმართა. ლიდერების თქმით, შეხვედრაზე მხარეებს შორის დიალოგი განახლდა და მოლაპარაკების მაგიდაზე არსებულ პუნქტებს კიდევ 2, მართლმსაჯულებასა და ძალაუფლების დანაწილების შესახებ პუნქტები დაემატა. დიალოგის მთავარ საგნად კვლავ რჩება პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა.  

ტაბულასთვის ცნობილი გახდა, რა წერია შარლ მიშელის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ 6-პუნქტიან ჩარჩოში:

1. ამბიციური საარჩევნო რეფორმა

  • საქართველოში დემოკრატიის ღრმა კონსოლიდაციისთვის

2. ​კანონის უზენაესობა / სამართლის რეფორმა

  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით კითხვები

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნები

  • რეფორმები კორუფციასთან ბრძოლის გასაძლიერებლად

3. პოლიტიკური მართლმსაჯულება / პატიმრების საკითხი

4. ძალის გადანაწილება პარლამენტში

  • საგამოძიებო კომისია

  • პარლამენტში როლებისა და პასუხისმგებლობების სამართლიანი განაწილება

5. პოტენციური ვადამდელი არჩევნები / მზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის

6. ფასილიტაციის / მედიაციის გაგრძელება და განხილვა 2021 წლის მარტში.

კომენტარები