ვაქცინაცია

გაბუნია Covax-ზე: არა მგონია, საქმე სასამართლომდე მივიდეს

"არა მგონია - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ წამყვანის რეპლიკას, რომ იმედია, Covax-თან საქმე სასამართლომდე არ მივა.

"ყველაზე კარგი განმარტება იქნება ის, რომ ვაქცინა რეალურად შემოვა, აქ საუბარია ორი-სამი კვირის გადავადებაზე, ფაიზერს და კოვაქსს და არც არასდროს უთქვამს, რომ შეპირებული დოზები, რომელიც თებერვალში უნდა ჩამოსულიყო, ძალიან დაიგვიანებს, აქ იყო საუბარი 2-3 კვირის გადავადებაზე და იმაზე, რომ ასტრაზენეკა დაასწრებს ფაიზერის ჩამოსვლას.

უნდა დაველოდოთ, მივყვეთ და გავაგრძელოთ ჩვენი საქმე ისე ეტაპობრივად და თანმიმდევრულად, როგორც აქამდე ვაკეთებდით. მე ვფიქრობ, რომ არ დააყოვნებს, საკმაოდ სერიოზული რეპუტაცია აქვს კოვაქსს, მისთვისაც ეს რეპუტაციული რისკია, რა თქმა უნდა, შეეცდება მაქსიმალურად, რომ ეს პროცესი არ შეფერხდეს და წავიდეს". – თქვა გაბუნიამ პირველი არხის ეთერში.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კი არ გამორიცხა, რომ სამინისტრომ COVAX პლატფორმას უჩივლოს. ტიკარაძის თქმით, პლატფორმის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რეპუტაციულ რისკებს შეიცავს. 

"COVAX პლატფორმა ერთხელ უკვე მოხდა მსგავს გაუგებრობაში ბოსნიასთან მიმართებაში, რის გამოც ბოსნიამ COVAX პლატფორმას უჩივლა.  ამ ეტაპზე, ველოდებით მათგან განმარტებებს, რომ მათ უარყონ ეს ბრალდება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე, ვინაიდან, მსგავსი ნამდვილად არ ყოფილა და ამის შემდეგ განვაგრძობთ კომუნიკაციას.

გამომდინარე იქიდან, რომ აქ საუბარია რეპუტაციულ რისკებზე, ამასაც [ჩივილსაც] არ გამოვრიცხავ, ვინაიდან, ეს ყველაფერი საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ოპოზიციის მხრიდან გამოყენებულია იმის ესკალაციისთვის, რომ საქართველოში მოხდეს დიდი დაძაბულობა და ესკალაცია. ამას ჯანდაცვის სამინისტრო ნამდვილად არ დაუშვებს". – თქვა ტიკარაძემ რ2-თან საუბარში. 

პირველ მარტს IPN-მა COVAX-ის განმარტება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ თებერვალში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს. ჯანდაცვის სამინისტროში ამაზე საგანგებო ბრიფინგი გაიმართა და გავრცელებულ განცხადებას "ინტერპრეტაცია" უწოდეს. უწყებამ იმავე დღეს თქვა, რომ კოვაქსს "ნახევარი საათის წინ" მიმართეს და განცხადების განმარტება მოსთხოვეს.

ჯერ კიდევ 2020 წლის ივლისში ამირან გამყრელიძე ამბობდა, რომ "საქართველო იქნება ერთ-ერთ პირველ რიგებში, ვინც ვაქცინას მიიღებს", თუმცა, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის არც ერთი დოზა არ არის.

ვაქცინის პირველი პარტია თებერვალში უნდა შემოსულიყო. ლაპარაკია, Pfizer-ის მიერ წარმოებული ვაქცინის დაახლოებით 30 000 დოზაზე, რომელიც სამედიცინო პერსონალის აცრას მოხმარდებოდა. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროს და ეპიდემიოლოგების განცხადებით, Covax-პლატფორმიდან ვაქცინის მოწოდება მარტის ბოლომდე გადაიდო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის მტკიცებით, ფაიზერმა დამატებითი მოთხოვნები წამოაყენა, რაც პასუხისმგებლობის ფინანსურ გადაზღვევას უკავშირდება. 

საქართველოში ფაიზერის გარდა, Covax-პლატფორმიდან ასტრაზენეკას 184 000 დოზა ვაქცინა უნდა შემოსულიყო, თუმცა, NCDC--ის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანაში პირველად ვაქცინის ის დოზები შემოვა, რომელიც პირდაპირ მწარმოებლისგან იყიდეს. მისი აზრით, ეს უფრო რეალური ჩანს.

ვაქცინაცია უკვე დაიწყო მსოფლიოს 103 ქვეყანაში. ჯამურად ამ ქვეყნებში 241 მილიონი აცრა გაკეთდა.

კომენტარები