ვაქცინაცია

გაბუნია Pfizer-ზე: დამატებითი მოთხოვნები აქვთ, ქვეყნის ტექნიკურ მზაობას არ უკავშირდება

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განარტებით, Covax-ის მხრიდან შუალედური კომუნიკაციის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ Pfizer-ის ვაქცინის მიღებისთვის "გარკვეული დამატებითი მოთხოვნებია" საჭირო, რომლებიც, გაბუნიას მტკიცებით, კავშირში არაა ქვეყნის ტექნიკურ მზაობასთან ვაქცინის მიღებისთვის და "დაკავშირებულია პასუხისმგებლობის ფინანსურ გადაზღვევასთან". Pfizer-ის ვაქცინა ქვეყანაში თებერვლის შუა რიცხვებში უნდა შემოსულიყო.

"დეტალებსაც 23 თებერვლის წერილში Covax-ი ჩვენ ვერ გვატყობინებს, თუმცა გვპირდება, რომ მომავალი კვირისთვის ჩაინიშნება სატელეფონო კონსულტაცია, სადაც ეს პირობები დაზუსტდება, დღეს 1 მარტია და დღესაც ველოდებით Pfizer-ისგან და Covax-ისგან სატელეფონო ზარის ზუსტ თარიღს, სადაც უკვე საბოლოოდ შევთანხმდებით იმაზე, რომ პირობები, რომლებიც მათ ჩამოაყალიბეს და საქართველომ უკვე დაადასტურა როგორც იუსტიციის სამინისტროს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს საშუალებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანხმობის საფუძველზე, რომ ტექნიკური და იურიდიული მზაობა ყველა ამ პირობის მიღებისთვის ქვეყანაში არსებობს.

ამდენად, ქართული მხარის მხრიდან Pfizer-თან მიმართებაში შეფერხება არ ყოფილა არც ერთი წუთი და როგორც კი ჩვენ გვექნება Pfizer-ის საბოლოო დასტური, რა თქმა უნდა, ქართული მხარე ამ ნაწილს დახურავს და გადავალთ უკვე მოლაპარაკების ფინანსურ ნაწილზე, სადაც თანხის გადახდის ეტაპი დადგება". – ამბობს თამარ გაბუნია ჯანდაცვის სამინისტროში საგანგებოდ ჩანიშნულ ბრიფინგზე.

ჯერ კიდევ ივლისში ამირან გამყრელიძე ამბობდა, რომ "საქართველო იქნება ერთ-ერთ პირველ რიგებში, ვინც ვაქცინას მიიღებს". ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია თებერვალში უნდა შემოსულიყო. ლაპარაკია, Pfizer-ის მიერ წარმოებული ვაქცინის დაახლოებით 30 000 დოზაზე, რომელიც ძირითადად სამედიცინო პერსონალის აცრას მოხმარდებოდა.

დღეს, 1 მარტს, IPN-მა Covax-ის განმარტება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ თებერვალში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს

კომენტარები