შარლ მიშელის ვიზიტი

სამადაშვილი: ჩვენი პოზიცია ცნობილია, არსებობს 2 მთავარი თემა, პოლიტპატიმრები და არჩევნები

ფორმულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების მთავარი თემა კვლავ პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნაა. სამადაშვილმა ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. 

"ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ცხადია, ყველანაირად ცდილობენ, ქვეყანას აარიდონ შესაძლო ძალიან მძიმე განვითარება. ყველაფერს აკეთებენ, რომ დაეხმარონ პოლიტიკურ მხარეებს შეთანხმების მიღწევაში. მაგრამ ჩვენი პოზიცია არის ცნობილი, არსებობს ორი მთავარი თემა, პოლიტპატიმრების და არჩევნების თემა, და აქ ჩვენ უნდა მივაღწიოთ პროგრესს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკებები მოლაპარაკებებისთვის შედეგს ვერ მოგვიტანს". – თქვა სამადაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა გაიმართა. ლიდერების თქმით, შეხვედრაზე მხარეებს შორის დიალოგი განახლდა და მოლაპარაკების მაგიდაზე არსებულ პუნქტებს კიდევ 2, მართლმსაჯულებისა და ძალაუფლების დანაწილების შესახებ პუნქტები დაემატა. დიალოგის მთავარ საგნად კვლავ რჩება პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა. 

შარლ მიშელის თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გამყარებისა და გაღრმავების გასაღები არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაა.

კომენტარები