ნამახვანჰესი

ჯაფარიძე: ჰესების აშენება უნდა წყდებოდეს ინვესტორსა და ადგილობრივებს შორის მოლაპარაკებით

ტაბულა

გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება ნამახვანის ჰესის აშენების საკითხს და წერს, რომ  მსგავსი საკითხები  უნდა  წყდებოდეს  ინვესტორსა  და ადგილობრივ მესაკუთრეებს შორის მოლაპარაკების საფუძველზე. მათ შორის  აშენების ნებართვის ღირებულებაც, რომელიც  უნდა იყოს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფასს ითხოვს ის ხალხი, ვისაც იმ ტერიტორიაზე გააჩნია აქტივები.

"კითხვა - უნდა აშენდეს თუ არა ნამახვანი (ან რომელიმე სხვა ჰესი) უშინაარსოა. თუ არსებობს ვიღაც, ვისაც აქვს აშენების სურვილი - ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ამ ვიღაცასა და ადგილობრივ მესაკუთრეებს შორის მოლაპარაკებით, რომელთა აქტივებსაც ეხებათ მშენებლობა". – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

ამასთან ერთად ზურაბ ჯაფარიძე ვრცლად განიხილავს საქართველოში ჰესების აშენების საკითხს და ამბობს, რომ დიდი ჰესების აშენების საჭიროება დგას საქართველოშიც.  

"დიდი ჰესები არ გვინდა არის სისულელე. რანაირად არ გვინდა ან რატომ არ გვინდა? დიდი ჰესები არის უამრავ ქვეყანაში, რომელსაც აქვს წყლის რესურსი. დიდი ანუ კაშხლიანი ჰესი ნიშნავს, რომ შესაძლებელია დაგუბება და დენის მაშინ გამომუშავება, როცა ის ყველაზე მეტად გჭირდება". – წერს ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძის წერს, რომ მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ გარემო პირობები თავისთავად  იცვლება, არამედ ის, რომ ეს ‘გარემო’ ვიღაცის საკუთრებაა ან ამ ‘გარემოთი’ ვიღაცა სარგებლობს. გარემოს ცვლილებით კი ზიანი ადგებათ ამ საკუთრების მფლობელებს.

ზურაბ ჯაფარიძე შეეხო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებასაც და დაწერა, რომ დიდი ჰესების აშენება/არაშენების საკითხის დაყენება არასწორია და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ  ხანდახან პოლიტიკოსები ხედვებს იცვლიან  იმისდა მიხედვით, თუ რომელი პოზიციაა პოლიტიკურად მომგებიანი  დროის კონკრეტულ მომენტში.

"ადრე გვჭირდებოდა დიდი ჰესები და ახლა აღარ გვჭირდება, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა, ასევე არის სისულელე. ზემოთ უკვე დავწერე, რატომ არის საკითხის ასე დაყენება (გვინდა თუ არა დიდი ჰესები) არასწორი, თუმცა ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ქვეყენაში პოლიტიკოსებს სჯერათ, რომ, როდესაც ძალაუფლებას ჩაიგდებენ ხელში, მათ უნდა წყვიტონ ადამიანების საკუთრების ბედი, მათ შორის სადმე, ვიღაცების საკუთრებაზე უნდა აშენდეს თუ არა ჰესი ან ავტომაგისტრალი. და ამ ხედვებს იცვლიან იქიდან გამომდინარე, რომელი პოზიციაა მოგებიანი პოლიტიკურად დროის კონკრეტულ მომენტში. დენი გვჭირდება, არანაკლებ ვიდრე ოდესმე გვჭირდებოდა. განვითარება, მათ შორის თუ რამეს ნიშნავს, ნიშნავს იმას რომ ერთ სულ მოსახლეზე სულ უფრო მეტი ენერგია დაგვჭირდება. ანუ, ან გვექნება ენერგია და ვიქნებით მდიდრები, ან არ გვექნება ენერგია და დავრჩებით წუმპეში. ასე მარტივად დგას საკითხი". – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

ზურაბ ჯაფარიძე ასევე შეეხო ინვესტორების ეთნიკურობაზე წამოჭრილ კამათს და დაწერა, რომ არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს ეთნიკურ წარმომავლობას.  მისი თქმით, მსგავსი ტიპის ქსენოფობია  ირაციონალურ შიშებს ეფუძნება და საქართველოსთვის საზიანოა.

"ესეთი ტიპის ქსენოფობია, რომელიც ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში რუსეთის იმპერიის მიერ კულტივირებულ ირაციონალურ შიშებს ეფუძნება, არის ნომერ პირველი მიზეზი იმისა, რომ დღემდე ვზივართ წუმპეში. და ასეც დავრჩებით, სანამ აზრზე არ მოვალთ., მშიერი, მაგრამ ამაყი, სანამ რუსეთი არ მოვა და მორიგ ჯერზე არ დაგვაჩმორებს".


კომენტარები