კორონავირუსი და შეზღუდვები

თურნავა კომენდანტის საათზე: ამ ეტაპზე ვიტოვებთ, მომავალში შევხედოთ

"ამ ეტაპზე ვიტოვებთ ამას, მომავალში შევხედოთ". - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ რუსთავი 2-ის კითხვას, დაახლოებით როდის მოიხსნება კომენდანტის საათი. თურნავას მტკიცებით, ღამის საათების შეზღუდვა "ერთერთი ყველაზე ეფექტური შესაძლებლობაა" მობილობის დაგდების.

"ვინაიდან პანდემია არსად არ გამქრალა, ვინაიდან ჩვენ არ ვიცით, ეს გახსნები რამდენად ადეკვატურად იქნება აღქმული, ხომ არ მოხდება ეპიდვითარების გაუარესება, არ იქნებოდა სწორი და იქნებოდა უპასუხისმგებლო, რომ ქმედითი ბერკეტები არ დაეტოვებინა ხელისუფლებას, იმისთვის, რომ სწრაფად დააკორექტიროს ვითარება, თუ დავინახეთ, რომ ამ გახსნებმა მოიტანა ეპიდვითარების გაუარესება.

ერთერთი ყველაზე ეფექტური შესაძლებლობა მობილობის დაგდების, რამაც 28 ნოემბრიდან მოყოლებული მოიტანა დღევანდელი გაუმჯობესებული სიტუაცია, ეს არის ღამის საათების შეზღუდვა, მოგვწონს ეს თუ არ მოგვწონს.

მეც ვხედავ, რომ ეს დისკომფორტია თითოეული ჩვენგანისთვის, მაგრამ მერწმუნეთ, დამტკიცებული და დატესტილია, რომ ერთერთი ბერკეტი, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ნორმალური ვითარება შევინარჩუნოთ და ვამუშაოთ ბიზნესი, ეს არის ღამის მობილობის შეზღუდვა". - თქვა ნათია თურნავამ.

28 ნოემბრიდან, საქართველოში კომენდანტის საათი 21:00-დან 05:00-მდე მოქმედებს. იქამდე, სამი კვირის განმავლობაში, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა 22:00-დან იწყებოდა.

რამდენიმე კვირის წინ, NCDC-ის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ თქვა, რომ კომენდანტის საათს "ალბათ, ყველაზე ბოლოს" მოხსნიან. მას არ ჰგონია, რომ ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა აპრილშიც გაგრძელდება, თუმცა, აღნიშნა, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორი სიტუაცია იქნება. ამირან გამყრელიძის განცხადებით კი, კომენდანტის საათი მაშინ მოიხსნება, "როდესაც ეპიდსიტუაცია მყარად სტაბილური იქნება".

კომენტარები