ნიკა მელიას დაკავება

ღარიბაშვილი: არ ვითვლით აქციაზე შეკრებილების რაოდენობას, თითოეული მოქალაქე ძვირფასია

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ნიკა მელიას დაკავება აუცილებელი იყო რადიკალიზმის შესამცირებლად და სამართლიანი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად.

ღარიბაშვილი საუბრისას პარლამენტთან გამართულ აქციასაც შეეხო, სადაც შეკრებილმა ადამიანებმა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის დაკავება გააპროტესტეს და თქვა, რომ ხალხის რეაქციამ დაადასტურა, რომ მათთვის მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა.

"გუშინ საქართველოს პარლამენტში წარვადგინე მთავრობის სამომავლო ხედვა. თუმცა, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების, გმირი პოლიციელების მიმართ მიზანმიმართული შეურაცხმყოფელი კამპანიის ფონზე, გარდა საერთო მიზნებისა და გამოწვევებისა, დიდწილად ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებზეც მიწევდა საუბარი.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღასრულა კანონი, რაც იყო აუცილებელი პირობა პოლიტიკაში რადიკალიზმის შესამცირებლად და სამართლიანი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად.

კანონის აღსრულებაზე ხალხის რეაქციამ დაადასტურა, რომ ქართული საზოგადოებისთვის უმთავრესი პრიორიტეტი სამართლისა და კანონის უზენაესობაა. თუმცა, ჩვენ არ ვითვლით მანიფესტაციაზე დღეს შეკრებილი ადამიანების რაოდენობას, ვინაიდან ჩვენთვის ძვირფასია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე". – თქვა პრემიერმინისტრმა.

დღეს, 23 თებერვალს, პარლამენთან საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც ოპოზიციურმა პარტიებმა 26 თებერვალს ფილარმონიიდან მსვლელობა დაანონსეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი დღეს დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. მანამდე, სამართალდამცველებმა პარტიის ოფისს, სადაც თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა, ალყა შემოარტყეს და მათ 30 წუთი მისცეს. ნიკა მელიას ოფისში შეჭრისას, ადგილზე მყოფების ინფორმაციით, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. ასევე, იყენებდნენ წიწაკის სპრეის. ნიკა მელიას დაკავებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა.

კომენტარები