ნიკა მელიას დაკავება

მდინარაძე პავილიონისზე: მისი რადიკალური განცხადებები სხვა კრიტიკისგან განსხვავდება

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის კრიტიკის საპასუხოდ ამბობს, რომ ის "სუბიექტური დამოკიდებულებით" გამოირჩევა. 

"როდესაც ადამიანი სუბიექტური დამოკიდებულებით გამოირჩევა თავის განცხადებებში და მისი რადიკალური განცხადებები განსხვავდება სხვა კრიტიკული განცხადებებისგან, რომელიც აბსოლუტურად გასაგებია, აქ ასევე სუბიექტური ინტერესი იკვეთება და ეს სუბიექტივიზმი კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როდესაც ის ნაცმოძრაობის ოფისიდან აკეთებდა განცხადებებს. 

პარტიული არ შეიძლება იყოს, მეგობარი, სუბიექტურად დაინტერესებული პირი და ნაციონალი სხვადასხვაა. სხვა არის, ის ნაცმოძრაობის წევრი არ არის, თუმცა, მხარს უჭერს". – ამბობს მამუკა მდინარაძე. 

პავილიონისი ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა და დაწერა: 

"გავიღვიძოთ! ვრეკოთ ზარები! დემოკრატია თავდასხმის ქვეშაა! გაზისა და ძალადობის გამოყენება პუტინივით. ივანიშვილის რეჟიმმა ფასი უნდა გადაიხადოს." 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი დღეს, 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. მანამდე, სამართალდამცველებმა პარტიის ოფისს, სადაც თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა, ალყა შემოარტყეს და მათ 30 წუთი მისცეს. ნიკა მელიას ოფისში შეჭრისას, ადგილზე მყოფების ინფორმაციით, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. ასევე, იყენებდნენ წიწაკის სპრეის. ნიკა მელიას დაკავებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა.

კომენტარები