ნიკა მელიას დაკავება

დეკანოიძე: ვიწყებთ ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობას, შემოგვიერთდით 15:00-ზე, კანცელარიასთან

ხატია დეკანოიძე
ტაბულა

"ძალიან მტკიცედ, შეუპოვრად ვიწყებთ ძალიან დიდ ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობას, ბოლშევიკური რეჟიმისგან". – ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა და ქართული ოცნების ხელისუფლებას "როდიონოვების რეჟიმი" უწოდა.

"ჩვენ, აქ მყოფი ადამიანები ვიბრძვით თავისუფლებისთვის და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი შემოგვიერთდება სამ საათზე კანცელარიასთან და პირობას ვაძლევ ყველა რეგვენს, ვინც პარლამენტის ტრიბუნიდან ზიზღის ენას აფრქვევდა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, არ მოხდება ისე, რომ საქართველოს თავისუფლებას საფრთხე დაემუქროს, არ მოხდება ისე, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას საფრთხე დაემუქროს, ამის პირობას გაძლევთ ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს ვიყავით ზუსტად ამ თავისუფლების ფრონტზე". – თქვა დეკანოიძემ.

შსს-ს საპოლიციო ძალები ენმ-ის ოფისში 23 თებერვლის დილას შევიდნენ და ნიკა მელია დააკავეს. ადგილზე მყოფი ადამიანების თქმით, ენმ-ის თავმჯდომარის ოთახში შეჭრილმა სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.

კომენტარები