ნიკა მელიას საქმე

"უკან არ დავიხევთ" – სააკაშვილი კითხვაზე, ჩამოვა თუ არა, თუკი მელიას დააკავებენ

"თუ მოხდა სისხლისღვრა, უბედურება, ის, რასაც ისინი აპირებენ და ისინი ამას აპირებენ, ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას, ჩვენ არ გვინდა ეს ყველაფერი, ჩვენ გვინდა საქართველოში მშვიდობა, განვითარება, დემოკრატია, თავისუფლება და ის, რომ ერთად დავძლიოთ კოვიდი". – ასე პასუხობს საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ჟურნალისტის კითხვას, ჩამოვა თუ არა საქართველოში, იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელიას დააკავებენ. 

სააკაშვილის თქმით, ახლა ნიკა მელიას დაცვა, საქართველოს დიქტატურისგან დაცვას ნიშნავს. 

"ღმერთმა არ დაგვაჭირვოს არაფერი, თითოეული ადამიანი ვინც ეხლა იქ არის გამაგრებული, ესენი არიან ჩემი მეგობრები, ახლობლები, თანამებრძოლები, ჩემი ყოფილი მოწინააღმდეგეები, ყველანი გავერთიანდით. მე არ მინდა არც მსხვერპლი, არაფერი, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ნიკა მელიას დაცვა, ეს მელიას დაცვა კი არ არის მარტო, ეს არის საქართველოს გადარჩენა დიქტატურისგან. 

ჩვენ გვინდა მოლაპარაკება, მშვიდობა, მე მინდა პირადად, რომ არც ღარიბაშვილს არაფერი შეეხოს, არც არავის, მაგრამ, თუ ქვეყანას საბოლოოდ ანადგურებ, მაშინ ჩვენ ერი ვართ, თუ ვინ ვართ?! გვაქვს ღირსებაც, თავმოყვარეობაც და საკუთარი თავის გადარჩენაც უნდა შეგვეძლოს". - ამბობს სააკაშვილი ტვ პირველთან საუბრისას. 

16 თებერვალს, პროკურატურის მიმართვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. საქალაქო სასამართლოს 17 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, რის შემდეგაც, ენმ-ს ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები არიან შეკრებილები. ისინი ამბობენ, რომ არ გაატანენ ნიკა მელიას პოლიციას და მას ფიზიკურად დაიცავენ.

გახარიას გადადგომის შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, პრემიერმინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო მელიას დაკავება გადადეს.

კომენტარები