ნიკა მელიას საქმე

ბოკერია: თუ ხელისუფლება ძალისმიერ ნაბიჯს გადადგამს, ქვეყანას დააზიანებს, თავსაც დაიღუპავს

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ თუ ხელისუფლება ძალისმიერ ნაბიჯებს გადადგამს, "ამით ქვეყანას დააზიანებს და თავსაც დაიღუპავს". მისივე თქმით, ეს ქართული ოცნების დასასრულს დააჩქარებს. 

"სწორედ ამიტომ მოუწოდა ოპოზიციურმა სპექტრმა, საქართველოს ყველა მეგობარმა, ამერიკის სენატმა, კონგრესის საგარეო კომიტეტების საკვანძო წარმომადგენლებმა, საქართველოს დიდი ხნის მეგობარმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა, რომ ახლა მათი დროა, გადადგან ნაბიჯი დიალოგისკენ, ვადამდელი არჩევნებისკენ, პოლიტიკური ნიშნით დევნის შეწყვეტისკენ და 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ. ეს არის ერთადერთი სწორი გზა, სხვა დანარჩენი, მითუმეტეს შეშინებული და აგრესიული ნაბიჯი, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია". – აღნიშნავს ბოკერია.

რაც შეეხება 25 თებერვლის აქციის გადადებას, ბოკერია ამბობს, რომ ეს ოპოზიციის საპასუხო ნაბიჯია საქართველოს სტრატეგიულ მეგობრებთან გამართულ კონსულტაციებზე. 

"თუ არსებობს შანსი, რომ ოდნავ მაინც გონს მოეგო ის ჯგუფი, რომელიც შემორჩა ივანიშვილს, ეს შანსი გამოვიყენოთ. ოღონდ, ვიმეორებ, მშვიდობიანი, მაგრამ მწვავე აქციები, ეს არის ლეგიტიმური იარაღი ნებისმიერ, დალაგებულ ქვეყანაშიც, საზოგადოების, მათ შორის ოპოზიციის და ახლა მოხდა სწორედ ამ კონტექსტის გამოყენებით 25 თებერვლის აქციის გადადება. თქვენ იცით, რა ნერვოზული რეაქცია აქვთ მათ, როცა ასეთ დასუსტებულ მდგომარეობაში არიან გახარიას ნაბიჯის შემდეგ და სწორედ, აი, ამ შანსს აძლევს ოპოზიცია, ჩვენი სტრატეგიული მეგობრების რჩევით და კონსულტაციით". – ამბობს გიგა ბოკერია. 

ოპოზიციამ ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მზად არის, ხელისუფლებას შეთანხმების პარალელურად კომპრომისის სივრცე მისცეს და 25 თებერვლის აქცია გადადოს.

ოპოზიციურმა პარტიებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გასაპროტესტებლად 25 თებერვალს და 31 მარტს აქციებს აქცია-მსველობები 15 თებერვალს დაანონსენს.

16 თებერვალს, პროკურატურის მიმართვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. საქალაქო სასამართლოს 17 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, რის შემდეგაც, ენმ-ს ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეიკრიბნენ. ისინი ამბობდნენ, რომ არ გაატანდნენ ნიკა მელიას პოლიციას და მას ფიზიკურად დაიცავენ.

გახარიას გადადგომის შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, პრემიერმინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო მელიას დაკავება გადადეს.

კომენტარები