აშშ

რა შემთხვევაში დაბრუნდება ამერიკა – ბაიდენის საგარეოპოლიტიკური ტესტი

აშშ

რა შემთხვევაში დაბრუნდება ამერიკა – ბაიდენის საგარეოპოლიტიკური ტესტი

"ჩემი სათქმელი მსოფლიოს მინდა, მკაფიოდ ვუთხრა: ამერიკა დაბრუნდა. ტრანსატლანტიკური ალიანსი დაბრუნდა და ჩვენ უკან არ ვიხედებით. ჩვენ ერთად ვიყურებით წინ" - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების ვირტუალურ კონფერენციაზე. იმავე სიტყვაში მან მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა ნატოს ალიანსს და ხაზი გაუსვა ევროპასთან ურთიერთობისა და დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერის მნიშვნელობას.  

ამერიკის 48-ე პრეზიდენტად ჯო ბაიდენის არჩევას მსოფლიოს ბევრი ქვეყანა აღტაცებით შეხვდა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 4 წლიანი არაორდინალური მმართველობის შემდეგ ამერიკის მოკავშირეები მიესალმნენ თავისუფალი სამყაროს ისეთი ლიდერის დაბრუნებას, რომლისგანაც იციან, რას ელოდონ. ბაიდენის არჩევას სიხარულით შეხვდნენ საქართველოშიც.

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიუნხენის უსაფრთხოების ვირტუალურ კონფერენციაზე 
ფოტო: 
 securityconference.org

დღეს ამერიკას ახალი ადმინისტრაცია ჰყავს. ბაიდენის გუნდი პრეზიდენტ ობამას ვეტერანებით დაკომპლექტდა. ამერიკის წინა პრეზიდენტების მსგავსად, ობამას ადმინისტრაციამ რუსეთთან ურთიერთობა თანამშრომლობის სულისკვეთებით დაიწყო. პრაქტიკაში ცხადად გამოჩნდა ამ თანამშრომლობის ლიმიტები.

რუსეთის აგრესიით შევიწროებულ ქვეყნებში დიდია მოლოდინი, რომ ამერიკა რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის გატარებას აღარ ეცდება. პრეზიდენტმა ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტში წარმოთქმულ პირველ საგარეოპოლიტიკურ სიტყვაში რუსეთი მკაცრად გააკრიტიკა. ამავდროულად, ბირთვული შეიარაღების კონტროლის START-ის სახელით ცნობილი შეთანხმების გაგრძელებით რუსეთს თანამშრომლობის ხელი გაუწოდა. 

როგორც ავტორი ჰალ ბრენსი წერს, წარმატებული პრეზიდენტობისთვის ბაიდენს ობამასდროინდელი შეცდომების ცივი გონებით გაანალიზება დასჭირდება. მხოლოდ რიტორიკა, ამერიკის სამხედრო პოტენციალის გარეშე, დემოკრატიასა და ღირებულებებს ვერ დაიცავს. ვერც მხოლოდ დიპლომატია შეაკავებს მტრულ რეჟიმებს.

ბაიდენის ადმინისტრაციამ პირველი საგარეოპოლიტიკური ნაბიჯები უკვე გადადგა. მათ შორის იყო პარიზის კლიმატის ცვლილების ხელშეკრულებაში და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში დაბრუნება, რუსეთთან ბირთვული შეიარაღების კონტროლის შეთანხმების გაგრძელება, კანადიდან ნავთობსადენის პროექტის შეჩერება და ირანთან საერთო ენის გამონახვის მცდელობა. კრიტიკოსების აზრით, ეს ნაბიჯები ამერიკისთვის საფრთხის მატარებელია. 

გასულ კვირას ბაიდენის სპეციალური წარმომადგენელი კლიმატის ცვლილების საკითხებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს თანამშრომლობაზე ესაუბრა. ამ ფონზე, მკაცრი განცხადებების მიღმა, ჯერ ქმედითი ნაბიჯები არ მოჰყოლია რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, ქიმიური იარაღით მოწამვლასა და შემდეგ დაპატიმრებას.

პრეზიდენტ ბაიდენის სპეციალური წარმომადგენელი კლიმატის ცვლილების საკითხებში ჯონ კერი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ფოტო:rferl.org

გარემოსდაცვითი მოსაზრებებით, კანადის ნავთობსადენის პროექტის შეჩერება გაეროში ამერიკის ყოფილი ელჩის, ნიკი ჰეილის აზრით, ამერიკის მოწინააღმდეგეებს აძლიერებს, რადგან ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა მათთვის დიდი პრობლემაა. ბევრი ხმამაღალი კრიტიკოსი ჰყავს ირანის ბირთვულ შეთანხმებაში ამერიკის პოტენციურ დაბრუნებასაც. ისინი თვლიან, რომ მტრულ რეჟიმებთან თანამშრომლობით ამერიკა საკუთარ უსაფრთხოებასა და პარტნიორებს ასუსტებს.

საქართველოს პერსპექტივიდან საჭიროა, რეალისტურად შევაფასოთ სავარაუდო საფრთხეები და ვიცოდეთ, რა სახის ქმედებები უნდა დავინახოთ ამერიკის ადმინისტრაციისგან იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული მოლოდინი გამართლდეს.

რიტორიკა და ქმედებები

პრეზიდენტად არჩევის პირველი დღეებიდან ბაიდენის ადმინისტრაცია მკაცრად გამოეხმაურა მსოფლიოს მასშტაბით განვითარებულ არადემოკრატიულ პროცესებს. ბაიდენმა ასევე მიმართა სადაზვერვო სამსახურებს, გამოიძიონ რუსეთის მიერ ამერიკის არჩევნებში ჩარევა და კიბერშეტევის ფაქტი, რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის, მოწამვლა და ცნობები, რომ ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების ლიკვიდაციაზე რუსეთს ჯილდო აქვს დაწესებული. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირველ სატელეფონო საუბარში ბაიდენმა ამ საკითხებთან ერთად უკრაინაც ახსენა. ბაიდენმა უკრაინას მხარდაჭერა მიუნხენის კონფერენციაზე წარმოთქმულ სიტყვაშიც გამოუცხადა. ახლა მსოფლიო ელის, რა ქმედებები მოჰყვება ამ განცხადებებს.

ცივი ომის დასრულების შემდეგ ამერიკა ერთადერთი ზესახელმწიფო გახდა მსოფლიოში. ქვეყნის ძალისა და გავლენის უპრეცედენტო მასშტაბიდან გამომდინარე, მასთან ღია შეჯიბრი აზრს იყო მოკლებული. ასეთ პირობებში, ამერიკის განცხადებები მტრულ სახელმწიფოებზე დიდ გავლენას ახდენდა. 

დღეს ეს რეალობა შეცვლილია. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა კვლავ წამყვანი ძალაა მსოფლიოში, მისი მოწინააღმდეგეები ქვეყანას ღიად ეჯიბრებიან. ჩინეთი, რუსეთი და ირანი დაუფარავად იბრძვიან ამერიკის მიერ შექმნილი მსოფლიო წესრიგის მათ სასარგებლოდ შესაცვლელად. ამ სახელმწიფოებს მხოლოდ რიტორიკა აღარ აკავებთ. ისინი ამერიკის სიმტკიცეს და მოკავშირეების მიმართ მის ერთგულებას ყველა რეგიონში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.

დრო, როდესაც ამერიკის მკაცრი რიტორიკა მოწინააღმდეგეებს აკავებდა, დასრულდა. ეს რეალობა ქვეყნის 2017 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაშიც გამოჩნდა. დღეს დიდ სახელმწიფოებს შორის შეჯიბრის ხანა დეკლარირებულად დაბრუნდა.

ფოტო:jworldtimes.com

რუსეთმა 2008 წელს საქართველოში შემოჭრით ღიად დაანახა დასავლეთს, რომ ამერიკის მიერ შექმნილი მსოფლიო წესრიგის დაშლა ძალისმიერი მეთოდით სურს. ამ პოლიტიკას 2014 წელს უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია მოჰყვა, რამაც ნატოს წევრი ქვეყნები ბალტიის სახელმწიფოების უსაფრთხოებაზე სერიოზულად დააფიქრა. 

დღეს რუსეთი მის ხელთ არსებული ხისტი და რბილი ძალის ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით ცდილობს, ამერიკის გავლენა შეასუსტოს. რუსეთის მაგალითზეც ცხადია, რომ ქვეყანა არათუ მკაცრი რიტორიკით, არამედ სანქციების ფონზეც კი არ არის მზად, დასავლეთთან კონფრონტაციული კურსი შეცვალოს.   

იმავე გზას ადგას ჩინეთიც, რომელიც ამერიკის უმთავრესი თავსატეხია. ჩინეთი, ამერიკის შემდეგ, მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკაა და მისი სახელმწიფო რესურსის გათვალისწინებით ამერიკის პირველობას ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის. ქვეყანა ბოლო 20 წელია, თანამიმდევრულად ზრდის თავდაცვის ხარჯებს და ამერიკის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე მეტს ხარჯავს თავდაცვაზე. 

ჩინეთი აუმჯობესებს ბირთვულ და კონვენციურ შეიარაღებას, ღიად ეწინააღმდეგება ამერიკის სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ოპერირებას და საფრთხეს უქმნის ამერიკის მხარდაჭერილ ტაივანს. ქვეყანა ასევე წლებია, მილიარდობით დოლარის ღირებულების ამერიკულ ინტელექტუალურ საკუთრებას ითვისებს და ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით მეხუთე თაობის ტელეკომუნიკაციის სისტემების გაკონტროლება სურს. 

გლობალური გავლენისთვის ბრძოლის პროცესში ჩინეთი ღია კონფრონტაციაშია ამერიკის წამყვან მოკავშირეებთანაც. ის სხვადასხვა საკითხზე კანადასთან, შვედეთთან, იაპონიასთან, ავსტრალიასთან და ინდოეთთან ერთდროულად არის დაპირისპირებული. ინდოეთთან ტერიტორიული დავის ფონზე, გახშირდა სამხედრო შეტაკებებიც. ჩინეთის კომუნისტური პარტია ასევე აგრესიულად ახშობს დემოკრატიულ პროცესს ქვეყნის შიგნით და თანამედროვეობის საკონცენტრაციო ბანაკებში მუსლიმი უიღურების გენოციდს ეწევა

ახლო აღმოსავლეთში ირანი არ წყვეტს ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას. ქვეყანა ცდილობს ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელის მოპოვებას და შიიტური სარტყელის შეკვრას. ის ღიად ემუქრება ამერიკის მოკავშირე ისრაელს და საუდის არაბეთს, მხარს უჭერს ჰეზბოლასა და ჰამასის ტერორისტულ ჯგუფებს, გავლენის ბერკეტებს ზრდის ერაყზე და ემხრობა ასადის რეჟიმს სირიაში.

ეს მოკლე მონახაზიც ცხადყოფს, რომ ამერიკის მოწინააღმდეგეები  დიდი ხანია, გასცდნენ დიპლომატიის ჩარჩოებს და აგრესიული, ძალისმიერი მეთოდებით სურთ ამერიკის ლიდერობით შექმნილი მსოფლიო წესრიგის ჩამოშლა. თუ ბაიდენის ადმინისტრაცია მზად არის ამერიკის მსოფლიო ასპარეზზე დასაბრუნებლად, ეს ის საგარეოპოლიტიკური პრობლემებია, რომელთა მოსაგვარებლად მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აქტიური ნაბიჯები გადაიდგმება.

ძალის პროექცია და მოკავშირეები: რუსეთი როგორც ბაიდენის ადმინისტრაციის ტესტი

წლების წინ, ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, ისტორიკოსმა ბერნარდ ლუისმა თქვა, რომ ქვეყანა რისკავს, აღარ იყოს მტრისთვის საშიში და მეგობრისთვის სანდო. მისი სიტყვების აქტუალურობა ამერიკის მოწინააღმდეგეების გაძლიერების ფონზე მხოლოდ გაიზარდა.

მტრული სახელმწიფოები ამერიკას ყველა რეგიონში უწყობენ გამოცდას და მისი გავლენის შესუსტებას ცდილობენ. ამ პირობებში მნიშვნელოვანია, ამერიკამ მათ საქმით დაანახოს, რომ ფასი, რომელსაც ისინი მიუღებელი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში გადაიხდიან, ბევრად გადააჭარბებს მოგებას. ეს შეკავების პოლიტიკის საფუძველია.

რა ნაბიჯები გაუგზავნის რუსეთს უტყუარ სიგნალს, რომ ამერიკა მზად არის მის შესაჩერებლად?

დიდი სახელმწიფოები ერთმანეთს შეიარაღებითა და ალიანსების ქსელით ეჯიბრებიან. თუ გსურს ოპონენტის ქცევა შეცვალო, სამხედრო ძალას უნდა ფლობდე და ძლიერი მეგობრები გყავდეს. ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ორივე კომპონენტი თანაბრად მნიშვნელოვანია. იმისთვის, რომ რუსეთმა უკან დაიხიოს, ამერიკას სამხედრო სიძლიერის დემონსტრირება, ერთგული მეგობრები და თავისუფლების მხარდაჭერა სჭირდება. 

შესაბამისად, თუ ამერიკა ევროპაში რუსეთის წინააღმდეგ შეკავების პოლიტიკის გაძლიერებას გეგმავს, ქვეყანას შეუძლია, სამი ურთიერთდაკავშირებული ნაბიჯი გადადგას: 

  1.  გაზარდოს სამხედრო კონტიგენტი და შეიარაღება ევროპაში; 
  2.  რუსეთთან დაპირისპირებაში მთავარ პარტნიორად ფრონტისპირა სახელმწიფოები გაიხადოს და 
  3. განახორციელოს აქტიური ქმედებები მდგრადი ინსტიტუტების მხარდასაჭერად

ამერიკის სამხედრო კონტიგენტი ევროპაში

1980-იან წლებში ევროპაში 300,000-მდე ამერიკელი სამხედრო მსახურობდა. მათ 555,000 საბჭოთა ჯარისკაცი უწევდა წინააღმდეგობას. დღეს ამერიკის ევროპის სარდლობაში მხოლოდ 70,00-მდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა დისლოცირებული

ამ ფონზე, რუსეთის დასავლეთის სამხედრო ოლქში, რომელიც ევროპას ესაზღვრება, 300,000-მდე სამხედრო მსახურობს. რუსეთთან შეჯიბრში ცივი ომის გამოცდილება ღირებული გაკვეთილია იმისა, თუ როგორი ტიპის ზეწოლა ახდენს გავლენას რუსეთის ქმედებებზე. საპირწონე ძალის დემონსტრირება ამ პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

ამერიკის ჯარის განლაგება ევროპაში, 2020 წლის სექტემბერი წყარო:cfr.org

ცივი ომის დროს ფრონტისპირა სახელმწიფო გერმანია იყო. შესაბამისად, ამერიკის სამხედრო ძალის უდიდესი ნაწილი, 200,000-ზე მეტი ჯარისკაცი, გერმანიაში იყო მობილიზებული. დღეს ამ ხაზმა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში გადაინაცვლა. შესაბამისად, საჭიროა, ძალის კონცენტრირებაც გეოგრაფიულად ამ რეგიონში მოხდეს. 

ამჟამად ამერიკას პოლონეთში პერმანენტული სამხედრო ბაზა არ აქვს. ქვეყანაში 4,500 ამერიკელი სამხედრო მსახურობს როტაციული პრინციპით. ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანხმობით მათ რიცხვს კიდევ 1000 ჯარისკაცი შეემატება. ბალტიის ქვეყნებში, ნატოს როტაციულ ძალებში ამერიკელი სამხედროები საერთოდ არ არიან წარმოდგენილი

ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან ევროპის უსაფრთხოების მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი პოლონეთში როტაციული ძალების პერმანენტულ სამხედრო ბაზად გარდაქმნა, მათი რიცხვის გაზრდა და ბალტიაში სამხედრო დანაყოფის განლაგება იქნება. 

ამერიკას შეუძლია, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწიოს რუმინეთსაც. ქვეყანა, პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებთან ერთად, ის ფრონტისპირა სახელმწიფოა, რომელიც ყველაზე აქტიურად მუშაობს რუსეთის გავლენის შემცირებაზე. რუმინეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა შავ ზღვაზე ნატოს მუდმივი ფლოტის შექმნაა. ქვეყანა წლებია, ცდილობს დასავლეთის ყურადღება შავ ზღვაზე მიაპყროს. 

ამერიკის ჩართულობით შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელი გახდება. აუცილებელია ამერიკამ გააძლიეროს პატრულირება შავ ზღვაზე და მხარი დაუჭიროს საპატრულო მისიის დაარსებას მუდმივი და როტაციული სამხედრო-საზღვაო ძალების განლაგების პრინციპით. ეს რუსეთს თავისუფალი მოქმედების გზას მოუჭრის.

ამ კონტექსტში დიდია უკრაინისა და საქართველოს როლიც. აუცილებელია, ამერიკა ორივე ქვეყანას სამხედრო პოტენციალის გაძლიერებაში დაეხმაროს. მსგავსი დახმარება შეიძლება მოიცავდეს სახმელეთო გემსაწინააღმდეგო რაკეტებს, რადარებსა და სადაზვერვო აღჭურვილობას, რაც თავდაცვითი იარაღია და რუსეთს ცხადად ანახებს, რომ ამერიკა სერიოზულად ფიქრობს პარტნიორების უსაფრთხოებაზე.

ამერიკული USS Mount Whitney (LCC-20) შავ ზღვაში ფოტო:usni.org

რუსეთის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტის შესაქმნელად ბაიდენის ადმინისტრაციამ პარტნიორებთან დასავლეთ ევროპაშიც უნდა იმუშაოს. ბოლო წლების მოვლენები ცხადყოფს, რომ დინამიკა არასახარბიელოა. ბაიდენის ადმინისტრაციამ ხელისუფლება მხოლოდ ერთი თვეა, რაც გადაიბარა, მაგრამ ბევრი მიმომხილველი უკვე ღიად საუბრობს ინტერესთა იმ ფუნდამენტურ სხვაობაზე, რომელიც ევროპის დედაქალაქებსა და ვაშინგტონს შორის არსად წავა. ეს განსაკუთრებით რუსეთისა და ჩინეთის მიმართ ამერიკის პოლიტიკას ეხება. ევროპას რუსეთთან და ჩინეთთან დაპირისპირება არ სურს, რაც ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში განხეთქილების საგნად დარჩება. 

ევროკავშირმა ახლახანს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც ევროპის ჩინეთზე დამოკიდებულებას ზრდის. ამერიკასთან მსგავსი ხელშეკრულების გაფორმება ობამას ადმინისტრაციის პერიოდში ჩაიშალა, რადგან ორი მხარე სასოფლო-სამეურნეო ინვესტორების დაცვისა და სხვა კრიტიკულ საკითხებზე ვერ შეთანხმდა. მაშინ, როდესაც ევროკავშირმა ამერიკის მთავარ მოწინააღმდეგესთან, ჩინეთთან, საერთო ენა გამონახა, ჯერ კიდევ გაურკვეველია რამდენად წარმატებული იქნება სავაჭრო მოლაპარაკებები ბაიდენის ადმინისტრაციასთან.

ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ფოტო:qz.com

ასევე, ევროკავშირის ქვეყნებს არაერთგვაროვანი პასუხი აქვთ ამერიკის მიერ ჩინეთთან 5G-ის სისტემების თემაზე არსებულ დაპირისპირებაზე. ჩინური ტექნოლოგიის გამოყენება ბრიტანეთმა და შვედეთმა აკრძალეს. რიგმა ცენტრალურმა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანამ დეკლარაციაზე ხელის მოწერით დაადასტურა ჩინურ ტექნოლოგიაზე უარის თქმის სურვილი. მეორეს მხრივ, საფრანგეთი ჩინური ჰუავეის მიერ ევროპაზე გათვლილი 5G-ის ჰაბის მოწყობას დათანხმდა. ჩინური ტექნოლოგია ღიად, ჯერჯერობით, არც გერმანიას და არც საფრანგეთს აუკრძალავთ.

გერმანია კვლავ აგრძელებს რუსეთისთვის გეოპოლიტიკურად უაღრესად მომგებიანი ნორდსტრიმ ორის გაზსადენის მშენებლობას. 1200 კილომეტრიანი პროექტიდან დღეს მხოლოდ 75 კილომეტრი დარჩა ასაშენებელი. ამასთან, ანგელა მერკელის პოტენციური მემკვიდრე, არმინ ლაშეტი, წარსული განცხადებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რუსეთის მიმართ განსაკუთრებული კეთილგანწყობით გამოირჩევა

შემრიგებლური პოლიტიკის ცხადი მაგალითია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელის, იოზეფ ბორელის, მოსკოვში თებერვალში გამართული წარუმატებელი ვიზიტიც, რომელიც ნავალნის დაპატიმრების მიუხედავად, მაინც შედგა. 70-მა ევროპარლამენტარმა ბორელის ვიზიტი ევროკავშირისთვის შეურაცხმყოფლად შეაფასა და მისი გადადგომის მოთხოვნას მოაწერა ხელი. სანამ ბორელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ხვდებოდა, კრემლმა სამი ევროპელი დიპლომატი ქვეყნიდან ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე დასწრების გამო გააძევა, ხოლო ლავროვმა ევროკავშირს არასანდო პარტნიორი უწოდა.

ამ პირობებში, საფრანგეთის პრეზიდენტი აქტიურად ლობირებს ევროპის სტრატეგიული ავტონომიის იდეას და რუსეთის მიმართ შემრიგებლური ტონით გამოირჩევა. ევროპის სტრატეგიული ავტონომია კონტინენტის ამერიკისგან დისტანცირებას ემსახურება, რაც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინტერვიუდანაც ჩანს. მაკრონის თქმით, ევროპისა და ამერიკის ინტერესები და ღირებულებები ერთმანეთს სრულად არ ემთხვევა და ევროპას დამოუკიდებლად მოქმედება უნდა შეეძლოს. 

ევროპაში ამერიკის გავლენის შესუსტება ჩინეთსა და რუსეთს მხოლოდ გააძლიერებს, რადგან ევროკავშირს ამ სახელმწიფოებთან ღია პაექრობის არც სამხედრო პოტენციალი და არც სურვილი აქვს. 

ამ ფონზე, ევროპის სტაბილურობისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება იმ სახელმწიფოების მხარდაჭერა, რომლებიც უსაფრთხოების საკითხებზე ამერიკის ხედვას იზიარებენ და რომელთა სასიცოცხლო ინტერესები ამერიკის სტრატეგიულ მიზნებს ემთხვევა. 

ფრონტისპირა სახელმწიფოების მხარდაჭერა

რუსეთის გარშემო ფრონტისპირა სახელმწიფოების ერთიანი ჯაჭვის შესაკვრელად, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ნატოს წევრ სახელმწიფოებთან ერთად, უმნიშვნელოვანესია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას აქტიური მხარდაჭერა. 

თანამშრომლობა როგორც თავდაცვითი იარაღის მიწოდებას, ისე ამ ქვეყნებისთვის ორმხრივი სამხედრო პარტნიორობის შეთავაზებას გულისხმობს. ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, კონგრესში გამართული მოსმენისას, საქართველოს ნატოს წევრობაზე კითხვას პოზიტიურად გამოეხმაურა და თქვა, რომ თუ ქვეყანა მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ის ნატოში უნდა მიიღონ. ეს პოზიტიური სიგნალია, მაგრამ კონკრეტული ქმედებების გარეშე რუსეთისთვის შემაკავებელი ფაქტორი ვერ იქნება. 

სანამ საქართველო ნატოს წევრი არ არის, ამერიკას შეუძლია, ქვეყანას ნატოს არაწევრი პარტნიორი სახელმწიფოს სტატუსი მიანიჭოს, რითაც უსაფრთხოების თანამშრომლობის გაღრმავება გახდება შესაძლებელი. 2014 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა კანონპროექტი წარმოადგინა, სადაც საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის ნატოს მიღმა წამყვანი მოკავშირე სახელმწიფოს სტატუსის მინიჭება იყო გათვალისწინებული. ჩანაწერი კანონპროექტიდან საბოლოოდ ამოიღეს, რადგან, სავარაუდოდ, ობამას ადმინისტრაციამ რუსეთთან ამ ფორმით დაპირისპირებისგან თავი შეიკავა. 

ბაიდენი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია რუსეთთან შემრიგებლური პოლიტიკის გატარებას არ აპირებს. საქართველოსთვის ნატოს მიღმა წამყვანი მოკავშირე სახელმწიფოს სტატუსის მინიჭება რუსეთისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი იქნება. ამ ნაბიჯით ამერიკა ასევე აჩვენებს, რომ მზად არის საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობა გააღრმავოს. ეს ქვეყნის ნატოში წევრობის სწრაფვასთან წინააღმდეგობაში არ მოდის. პირიქით, საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებით ამერიკა მეტ შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას, რეგიონში სტაბილურობას შეუწყოს ხელი.    

აღსანიშნავია, რომ ბლინკენი და პრეზიდენტ ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების მდივანი, ჯეიკ სალივანი ობამას ადმინისტრაციაში უკრაინასა და საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების მომხრეები იყვნენ. მიუხედავად ამისა, ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინის ტიპის რაკეტები უკრაინამ და საქართველომ ტრამპის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიიღო. მნიშვნელოვანია, რა ნაბიჯებს გადადგამს ამ მიმართებით ბაიდენის ადმინისტრაცია.

ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი და სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ფოტო:freebeacon.com

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ან ნატოს სამხედრო ბაზის განლაგება საქართველოში ამჟამად არარეალისტურად გვეჩვენება, არსებობს ალტერნატივები, რომლებიც ბაიდენის ადმინისტრაციის აქტიური პოლიტიკის შემთხვევაში შეიძლება რეალობად იქცეს. 

ერთ-ერთი ასეთი შემოთავაზება აშშ-ის ძალების ევროპული სარდლობის ყოფილ მეთაურს, გენერალ ბენ ჰოჯესს ეკუთვნის, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში, უკრაინასა და საქართველოში როტაციული ძალების განთავსების იდეას ემხრობა. საჭიროა, საქართველო  მუდმივად იღებდეს მონაწილეობას სამხედრო წვრთნებში, ხელი მიუწვდებოდეს სამხედრო ტექნიკის შესყიდვის შესაძლებლობებზე და გრძელვადიან პერსპექტივაში ეცადოს, ამერიკის სამხედრო წარმოების ჯაჭვის ნაწილი გახდეს. 

ევროპის უსაფრთხოების დასაცავად მნიშვნელოვანია ბელარუსის რუსეთის გავლენისგან გათავისუფლებაც. ბელარუსის სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე ქვეყანა ევროპის უსაფრთხოებისთვის საკვანძო სახელმწიფოა.  

ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, შარშან, 1994 წლის შემდეგ პირველად, ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო მინსკს ეწვია. თუ ბაიდენის ადმინისტრაცია ევროპის უსაფრთხოებას წამყვან პრიორიტეტად გაიხდის, ბელარუსის რუსეთზე პოლიტიკური და ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირება და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის მხარდაჭერა აუცილებელი იქნება. 

ძლიერი ინსტიტუტების მხარდაჭერა

ავტორი რობერტ რაილი წერს, რომ იდეოლოგიურ ბრძოლაში ამერიკის მორალური ლეგიტიმურობის საფუძველი ქვეყნის დამოუკიდებლობის დეკლარაციაშია მოცემული. მის მიხედვით, ყველა ადამიანს განუყოფელი უფლებები გააჩნია, რომლის დაცვასაც სახელმწიფო უნდა ემსახურებოდეს. ეს ჭეშმარიტება უნივერსალურია და მსოფლიოში ნებისმიერ ადამიანზე ვრცელდება.

25 000 ჯარისკაცისგან შემდგარი თავისუფლების  ცოცხალი ზარი, ფორტ დიქსი, ნიუ ჯერსი, 20 ივნისი, 1918 წელი
 ფოტო:loc.gov

ადამიანის უფლებების უნივერსალურობის იდეა ავტორიტარული რეჟიმებისათვის საშიშია, რადგან ისინი საკუთარ მოსახლეობას იძულებით მორჩილებაში ამყოფებენ. რობერტ რაილის თქმით, თავისუფლების იდეამ ფაშისტური გერმანიისა და საბჭოთა იმპერიის დამარცხებას შეუწყო ხელი. 

დღეს ამერიკას პირველობას კვლავ ავტორიტარული რეჟიმები ეცილებიან. რუსეთის ფედერაცია, მისი პროპაგანდის მეშვეობით, აქტიურად ცდილობს დასავლეთსა და რუსეთს შორის მორალური ტოლობის ნიშანი დასვას, რითაც მისი საგარეო აგრესიისა და ქვეყნის შიდა რეპრესიების გამართლებას ცდილობს. მნიშვნელოვანია, ამერიკამ მისი ბრძოლის უნივერსალური ლეგიტიმურობა როგორც საკუთარ მოსახლეობას, ისე მსოფლიოს კვლავ აუხსნას. ამასთან, მნიშვნელოვანია, ამერიკამ გააგრძელოს მდგრადი ინსტიტუტების მშენებლობის მხარდაჭერა იმ ქვეყნებში, რომელთაც რევიზიონისტი სახელმწიფოების წნეხს უნდა გაუძლონ.

1983 წელს ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის რონალდ რეიგანის მიერ საბჭოთა კავშირის ბოროტების იმპერიად მოხსენიებამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ის კონფრონტაციული რიტორიკის გამო გააკრიტიკეს. “აი, ჩემი სტრატეგია ცივ ომზე: ჩვენ ვიგებთ, ისინი აგებენ,” - უთხრა რეიგანმა მრჩეველს 1977 წელს. მან ეს სტრატეგია 1981 წელს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ აამოქმედა და საბჭოთა კავშირის შეკავების პოლიტიკა უკუქცევის პოლიტიკით შეცვალა, სადაც იდეოლოგიური ბრძოლა მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა. ამ პროცესში რეიგანმა დიდი რესურსი ჩადო ამერიკის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებაში, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მებრძოლი სახელმწიფოების დახმარებასა და ეკონომიკურ ბრძოლაში. ის აქტიურად უჭერდა მხარს საბჭოთა დისიდენტებსაც.

რონალდ რეიგანი ბერლინის კედელთან, ბრანდერბურგის კარიბჭე, 1987 წელი ფოტო:flicker.com

1983 წელს რეიგანის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ეროვნული უსაფრთხოების დირექტივაში, რომელმაც საბჭოთა კავშირის მიმართ ამერიკის პოლიტიკა განსაზღვრა, ვკითხულობთ: “აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკის მთავარი მიზანი რეგიონზე რუსეთის გავლენის შემცირება იქნება. იმავდროულად, ამერიკა მხარს დაუჭერს ადამიანის უფლებების დაცვას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ინდივიდუალურად.”  

ამერიკასა და მის ამჟამინდელ მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებაში იდეური ბრძოლა დღესაც დიდ როლს თამაშობს. ამ შეჯიბრში მდგრადი ინსტიტუტების მშენებლობის მხარდაჭერა საერთო სტრატეგიის მნიშვნელოვანი შემადგენელია. 

ავტორმა ბრეტ სტივენსმა ნიუ იორკ თაიმსში ახლახან გამოქვეყნებულ სტატიაში ბაიდენის ადმინისტრაციას შესთავაზა, იხელმძღვანელონ პრინციპით: “დისიდენტები უპირველეს ყოვლისა.” მისი თქმით, დიქტატურების დასამარცხებლად თავისუფლებისთვის მებრძოლი მოქალაქეების მხარდაჭერა ამერიკისთვის სტრატეგიულ ღირებულებას უნდა წარმოადგენდეს. ამერიკამ ეს პროცესი საბჭოთა კავშირთან ბრძოლის დროს ერთხელ უკვე გაიარა. მისი გამეორება საბჭოთა იმპერიასთან შედარებით ბევრად უფრო დასუსტებულ რუსეთშიც შესაძლებელია.

ქვეყნის მთავარი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის აკრძალული ქიმიური იარაღით მკვლელობის მცდელობა, მისი რუსეთში დაბრუნების შემდეგ ციხეში გამოკეტვა და დემონსტრაციების ფონზე მასიური დაპატიმრებები ბაიდენის ადმინისტრაციისთვის ერთგვარი ტესტია. 

რუსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტმა მკაცრი განცხადება გამოსცა, მაგრამ აქტიურ ქმედებებს ჯერ კიდევ ველით. როგორც ვეტერანი დიპლომატი დენიელ ფრიდი წერს, ბაიდენის ადმინისტრაციამ ევროპასთან კოორდინაციით მტკიცე პასუხი უნდა გასცეს პუტინის რეპრესიებს. მისი აზრით, ნავალნის მკვლელობის მცდელობაში ჩართული პირებისა და პუტინის ახლო გარემოცვისთვის სანქციების დაწესება, რუსული სუვერენული ვალის და პუტინთან დაკავშირებული ფინანსური ინსტიტუტების სანქცირება და რუსული ფულის დასავლეთში გათეთრების შესაძლებლობის აღკვეთა ის ნაბიჯებია, რომლებიც მსოფლიოს დაანახებს, რომ პუტინი დაუსჯელი არ რჩება.

ელჩი მაიკლ მაკფოლიც მიიჩნევს, რომ რუსეთთან დაპირისპირებაში ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების უფრო აგრესიულად დაცვა აუცილებელია. ის რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლას, კიბერუსაფრთხოების გაძლიერებას, ნატოს მხარდაჭერას და სხვა დემოკრატიებთან ერთად დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის, ანტიკორუფციული ძალისხმევისა და ახალგაზრდა თაობისთვის ამერიკაში განათლების მიღების შესაძლებლობების გაზრდას უჭერს მხარს.  

ამ კონტექსტში უმნიშვნელოვანესია ფრონტისპირა სახელმწიფოების მხარდაჭერაც. იმისათვის, რომ საქართველო თავისუფალი იყოს, ის დასავლეთის ნაწილი უნდა გახდეს. თავისუფლების გარეშე დემოკრატიად ვერ ჩამოვყალიბდებით და დემოკრატიის გარეშე ვერც თავისუფლებას შევინარჩუნებთ. 

საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვასა და ბელარუსში ძლიერი ინსტიტუტების მხარდაჭერით ამერიკა ამ ქვეყნებში რუსულ გავლენას შეასუსტებს. რუსეთს ძირგამომთხრელი საქმიანობა იმ ქვეყნებში უადვილდება, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები საზოგადოების საჭიროებებს ვერ პასუხობს. ეს როგორც კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების, ისე წესრიგისა და ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფას გულისხმობს. 

ერთიანი შეკავების პოლიტიკის ფარგლებში, რევიზიონისტი სახელმწიფოების გარშემო თავისუფალი, მდგრადი ინსტიტუტების მქონე სახელმწიფოების გაძლიერებას მნიშვნელოვანი შედეგის მოტანა შეუძლია.

კომენტარები