არჩევნები 2020

ჯაფარიძე: მოლაპარაკებები უნდა აღდგეს იმ 4 პუნქტის გარშემო, რაც ბოლო 4 რაუნდია, მაგიდაზე დევს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში ოპოზიციის შეხვედრა ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჟიგიმანტას პავილიონისთან დასრულდა. გირჩის ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, საუბრის მთავარი თემა იყო ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების მნიშვნელობაზე.

"საუბარი იყო იმაზე, რომ ქვეყანაში არის უმძიმესი კრიზისი, რაც კიდევ უფრო დამძიმდა ნიკა მელიასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, შესაბამისად, ყველა ვცდილობ, ვიპოვოთ გამოსავალი ამ მდგომარეობიდან. ეს ადამიანიც არის ამ ქვეყნის გულმხურვალე მეგობარი, ისიც ეძებს გამოსავალს ამ სიტუაციიდან, ისიც, ისევე როგორც ჩვენ, ფიქრობს რომ გამოსავალი შეიძლება მოძებნილი იყოს მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებების მაგიდასთან. ჩვენი პოზიცია არის იგივე, რაც იყო აქამდე, მოლაპარაკებები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ქართული ოცნება უნდა დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს იმ 4 პუნქტის გარშემო, რომელიც დევს მოლაპარაკებების მაგიდაზე უკვე უკანასკნელი 4 რაუნდია". – თქვა ჯაფარიძემ


ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში ნიკა მელიასთან შესახვედრად მივიდა. 

18 თებერვალს მან განაცხადა, რომ აორგანიზებდნენ საპარლამენტო დელეგაციას, რათა საქართველოში ჩამოსულიყვნენ და ოპოზიციის ყველა ლიდერთან გაემართათ შეხვედრები. 

"იმედი მაქვს, ნიკა მელია თავისუფალი  დაგვხვდება და ასევე შევეცდებით, შევხვდეთ მთავრობას”. – თქვა მან 18 თებერვალს. 

მისივე თქმით, დელეგაცია შეხვდება მთავრობასაც, რათა მოუწოდოს ნიკა მელიას დაჭერასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისკენ.

16 თებერვალს, პროკურატურის მიმართვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. 

მანამდე, საქართველოს პროკურატურამ 5 თებერვალს ნიკა მელიას გირაოს, 40 000 ლარის გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა. ვადა ამოიწურა - მელიამ გირაო არ გადაიხადა. როგორც მელია ამბობს, მას ვერ დააკავებენ, " თუ მუხთარლივით ტომარას ჩამომაცვამთ, ეგ სხვა საქმეა." 

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

საქალაქო სასამართლოს 17 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, რის შემდეგაც, ენმ-ს ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეიკრიბნენ. ისინი ამბობდნენ, რომ არ გაატანდნენ ნიკა მელიას პოლიციას და მას ფიზიკურად დაიცავენ. 

მას შემდეგ, რაც ენმ-ს ოფისში მთელი ღამის განმავლობაში ელოდნენ აღსრულების სამსახურის გამოჩენას, 18 თებერვალს დილით პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ თანამდებობას ტოვებს. გახარიას თქმით, ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით გუნდთან ერთობლივ შეთანხმებას ვერ მიაღწია. 

გახარიას გადადგომის შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, პრემიერმინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო მელიას დაკავება გადადეს.

18 თებერვალს შუადღით ქართულმა ოცნებამ პრემიერობის კანდიდატად პოლიტიკური მდივანი, ასევე თავდაცვის და შს ყოფილი მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. ის ერთხელ უკვე იყო ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მეთაური - 2013 წლიდან 2015 წლის დეკემბრამდე.

კომენტარები