აქცია პარლამენტთან

თალაკვაძე აქციაზე: დაძაბულობის შემცირებაზე მოწოდებას პოლიციასთან ძალადობით უპასუხეს

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება.

"აშკარაა, რომ პარტნიორობის მოწოდებას, მოხდეს დაძაბულობის შემცირება და ვითარების დეესკალაცია, რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა პოლიციასთან ქუჩაში ძალადობით და პროვოკაციებით უპასუხეს. 

კანონის და სამართლებრივი წესრიგის ხელყოფა მიმართულია ვითარების დარეგულირების წინააღმდეგ და არა დეესკალაციისკენ და ადასტურებს იმ არგუმენტებს, რაზეც ხელისუფლება მიუთითებდა. პოლიტიკური პროცესის დამშვიდება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა მხარე პატივს სცემს კანონს, ინსტიტუტებს და სამართლიანობის პრინციპებს". - ამბობს არჩილ თალაკვაძე. 

აქტივისტებს სურდათ, საკანონმდებლო ორგანოსთან კარვები გაეშალათ, რისი უფლებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. დაკავებულია 20-ზე მეტი ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევის გამო დააკავეს, რაც პოლიციელის მოწოდებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

აქციას გამოეხმაურა სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიაც. ლომჯარიას თქმით, დროებითი კარვების დადგმა შეკრების თავისუფლებით არის დაცული და ამ შესაძლებლობის ჩამორთმევა დაუშვებელია.

კომენტარები