აქცია პარლამენტთან

ომბუდსმენი პარლამენტთან აქციაზე: დროებითი კარვების დადგმა შეკრების თავისუფლებით დაცულია

ფორმულა/კადრი ვიდეოდან

სახალხო დამცველი პარლამენტთან მიმდინარე აქციას ეხმაურება. ომბუდსმენის ინფორმაციით, "დროებითი კონსტრუქციების" დადგმა შეკრების თავისუფლებით არის დაცული და ამ შესაძლებლობის ჩამორთმევა გაუმართლებელია.

"საქართველოს სახალხო დამცველი წარსულში არაერთხელ გამოეხმაურა შეკრების მონაწილეებისთვის კარვის განთავსების შეზღუდვის ფაქტებს და განმარტა, რომ მსგავსი დროებითი კონსტრუქციების განთავსება შეკრების თავისუფლებით არის დაცული, ხოლო ხსენებული შესაძლებლობის ჩამორთმევა გაუმართლებელია, როდესაც კარვის განთავსების შედეგად, ადგილი არ აქვს შენობის შესასვლელის ბლოკირებას ან სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას. თავის მხრივ, ასეთი საშიშროება პარლამენტის შენობის წინ არსებულ ფართო ტროტუარზე არ იკვეთება. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, შეკრების მონაწილეთა მხრიდან კარვის ფლობის შედეგად, კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების რისკის არსებობა არ ვლინდება". – წერია განცხადებაში.

სახალხო დამცველის ცნობით, ის, რომ აქციის ფარგლებში კარვებისა და სხვა არამუდმივი კონსტრუქციების აღმართვა შესაძლებელია, აღნიშნულია მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შესახებ ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპებში. 

"იქიდან გამომდინარე, რომ შეკრების თავისუფლებაში მსგავსი სახის გაუმართლებელ ჩარევას გასულ წლებში სისტემური ხასიათი ჰქონდა, 2018 წელს, სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა. აღნიშნულის შემდგომ შსს-ს მხრიდან აღარ ხდებოდა კარვების დადგმაში ხელშეშლა, თუმცა სამწუხაროდ, ბოლო პერიოდი ისევ დაიწყო მსგავსი უკანონო ზომის გამოყენება.

საყურადღებოა ისიც, რომ გავრცელებული კადრების შესაბამისად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრულია სამართალდამცავთა კორდონით, რაც საჯარო სივრცეში შეკრების სასურველ ადგილას გამართვის შესაძლებლობის გაუმართლებელ შეზღუდვას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება უფლების სრულფასოვნად რეალიზების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოსთვის დაკისრებულ პოზიტიურ ვალდებულებებს. ამასთან, სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოლიციას ეკისრება, შეკრების მიმდინარეობისას, თავი შეიკავოს ვითარების ხელოვნური ესკალაციისგან და აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, დაპირისპირების რისკების თავიდან აცილების მიზნით, მოლაპარაკებები და დიალოგი აწარმოოს აქციების მონაწილეებთან". – წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე, ჯამში, 20 ადამიანი დააკავეს. აქტივისტებს სურდათ, საკანონმდებლო ორგანოს წინ კარავი გაეშალათ, თუმცა, ამის საშუალება მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.   

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ოცივე აქტივისტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

კომენტარები