ნიკა მელიას საქმე

ბოკერია: აქ ძალის განაცხადი არ არის, მანევრის საშუალება აქვს შევიწროებული ივანიშვილს

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერმინისტრად  წარდგენის გადაწყვეტილებით, ქართული ოცნების ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს მანევრის საშუალება აქვს შეზღუდული, მას შემდეგ, რაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაჭერასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღო. 

ამის შესახებ გიგა ბოკერიამ ფორმულას ეთერში ისაუბრა. 

“თუ შევიჭრები ოდნავ პოლიტიკური მიმომხილველის როლში, არ მიყვარს ზოგადად, უნარები არ გამაჩნია მისი, მათ შორის და არც არის ჩემი საქმე, აქ უფრო იმასთან კი არ გვაქვს საქმე, რომ რაღაცა განაცხადია ძალის, არა, მანევრის საშუალება აქვს შევიწროებული ივანიშვილს ამ უმძიმესი გადაწყვეტილების შემდეგ”. – ამბობს ის.

მან ასევე თქვა, რომ ქართული საზოგადოების  მზაობისა  და ქვეყნის  სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით შესაძლებელია ამ გადაწყვეტილების  პრევენცია.

“თუკი რამეს შეუძლია, მოახდინოს ამის პრევენცია, ეს არის ქართული საზოგადოების რეაქცია ადგილზე და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების გზავნილი გარედან”. –ამბობს გიგა ბოკერია. 

ის ასევე შეეხო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების გზავნილებსაც, სადაც მკაფიოდ იყო აქცენტი დასმული პოლიტიკური დევნის  ფაქტზე და მისი ძალაუფლების ინსტრუმენტად გამოყენების პრობლემაზე.

“დასავლეთ სამყარო, აშშ, რომელიც მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და ლიდერი თავისუფალი სამყაროსი, საბოლოოდ, ჯამში, ყოველთვის ყველა ისტორიულ მომენტში მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ქართველი ხალხის სწრაფვას თავისუფლებისკენ და ჩვენს დემოკრატიას, ამიტომ არ არის მოულოდნელი, რომ ასეთ მნიშვნელოვან მომენტში ასეთი გზავნილები  გვესმის ხოლმე.

ისინი ყოველთვის ცდილობენ, ამ გზავნილით დაეხმარონ ქართველ საზოგადოებას, რომ რომელიმე მთავრობამ, ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით ამ მთავრობამ, არ გადაჩეხოს ეს ქვეყანა, რომლის ხალხსაც აქვს მყარი ნება, სურვილი და, რომელსაც დამსახურებული აქვს, მე ვგულისხმობ საზოგადოებას, ადგილი თავისუფალ სამყაროში”. – აცხადებს ევროპული საქართველოს ლიდერი.

გიგა ბოკერიას თქმით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან  გზავნილების ცვლილება განაპირობა  პრემიერმინისტრის გადადგომამ, რაც რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. 

“არჩევნებისკენ პირდაპირი მოწოდება, ნორმალურ და არანორმალურ ვითარებებშიც კი ხშირად არ ითვლება დიპლომატიურად პრობლემურად, მაგრამ როცა პრემიერმინისტრი გადადგა, რომლის ლიდერობითაც მინიმუმ ფორმალურად ჩატარდა  არჩევნები, და რეალურადაც მას ჰქონდა ყველაზე მაღალი რეიტინგი, ის იყო სახე კამპანიის და ის აირჩიეს, როგორც პრემიერმინისტრი, ესე მოხდა. დალაგებულ სახელმწიფოებშიც კი, პრემიერმინისტრის გადადგომის შემთხვევაში, ეგრევე განიხილება ვადამდელი არჩევნების საკითხი, ეს ავტომატურად ესე ხდება,  თუ ძალიან ახლოს არ არის არჩევნები”. – ამბობს გიგა ბოკერია.


16 თებერვალს, პროკურატურის მიმართვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. 

მანამდე, საქართველოს პროკურატურამ 5 თებერვალს ნიკა მელიას გირაოს, 40 000 ლარის გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა. ვადა ამოიწურა - მელიამ გირაო არ გადაიხადა. როგორც მელია ამბობს, მას ვერ დააკავებენ, " თუ მუხთარლივით ტომარას ჩამომაცვამთ, ეგ სხვა საქმეა." 

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

საქალაქო სასამართლოს 17 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, რის შემდეგაც, ენმ-ს ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეიკრიბნენ. ისინი ამბობდნენ, რომ არ გაატანდნენ ნიკა მელიას პოლიციას და მას ფიზიკურად დაიცავენ. 

მას შემდეგ, რაც ენმ-ს ოფისში მთელი ღამის განმავლობაში ელოდნენ აღსრულების სამსახურის გამოჩენას, 18 თებერვალს დილით პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ თანამდებობას ტოვებს. გახარიას თქმით, ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით გუნდთან ერთობლივ შეთანხმებას ვერ მიაღწია. 

გახარიას გადადგომის შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, პრემიერმინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო მელიას დაკავება გადადეს.

18 თებერვალს შუადღით ქართულმა ოცნებამ პრემიერობის კანდიდატად პოლიტიკური მდივანი, ასევე თავდაცვის და შს ყოფილი მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. ის ერთხელ უკვე იყო ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მეთაური - 2013 წლიდან 2015 წლის დეკემბრამდე.

 

კომენტარები