სამთავრობო ცვლილებები

ღარიბაშვილი მეორე წრეზე – რა გავლენა ექნება მის დაწინაურებას პოლიტიკურ რეპრესიაზე

სამთავრობო ცვლილებები

ღარიბაშვილი მეორე წრეზე – რა გავლენა ექნება მის დაწინაურებას პოლიტიკურ რეპრესიაზე

"თანამდებობები არის დროებითი, მარადიული არის უფალი და სამშობლო" – ამ სიტყვებით დატოვა ირაკლი ღარიბაშვილმა 2015 წლის დეკემბრის მიწურულს პრემიერმინისტრის პოსტი და იქვე განმარტა, რომ მან პარტიის ლიდერისგან, ბიძინა ივანიშვილისგან ისწავლა, თუ როგორ უნდა აკეთოს პოლიტიკოსმა ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე "როგორც დროული მოსვლით, ისე დროული წასვლით". 

აქედან 4 წელში, იმ დროს პოლიტიკურად ნაკლებად აქტიური ირაკლი ღარიბაშვილი, თანამდებობაზე ჯერ 2019 წელს დაბრუნდა თავდაცვის მინისტრის რანგში, 2021 წლის 18 თებერვალს კი ის პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინეს. ეს საქართველოს პოლიტიკის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც წასული პრემიერი ჯერ მინისტრად ქვეითდება, შემდეგ კი კვლავ პრემიერმინისტრად ბრუნდება.

სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის მეორე წრეზე შემოტრიალებას არაერთი ხუმრობა მოჰყვა და ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმაც ეს დაბრუნება "კომიკურად" შეაფასეს, თუმცა, ამ შესაძლო კომიკურობის მიღმა დღევანდელ პოლიტიკურ კონტექსტში, სადაც ხელისუფლების ლეგიტიმაცია საეჭვოა და მისი მზარდი ავტორიტარიზმი აშკარა, ღარიბაშვილის პერსონა დამატებით განგაშს იწვევს.

აქედან გამომდინარე, საინტერესოა იმ გარემოებების განხილვა, რა ვითარებაში დაბრუნდა ირაკლი ღარიბაშვილი ამ თანამდებობაზე. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეკრებილმა ოპოზიციურმა ლიდერებმა და აქტივისტებმა, რომლებმაც მთელი ღამე გაათენეს სამართალდამცველების მოლოდინში, რათა "ფიზიკურად დაეცვათ" ნიკა მელია, 18 თებერვლის დილით მოისმინეს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადება, რომ ის თანამდებობას ტოვებს. თანამდებობის დატოვების მიზეზად კი მან სწორედ ნიკა მელიას წინააღმდეგ არსებული გარემოებები მოიყვანა.

ამას მოჰყვა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ პრემიერმინისტრის გადადგომის გამო, ისინი გადადებენ ნიკა მელიას დაკავებას. თუმცა, ღარიბაშვილის კანდიდატურამ, შესაძლოა, გზა გაუხსნას იმას, რისგანაც მმართველი გუნდი ამ დრომდე თავს იკავებდა და რასაც მთელი ღამის განმავლობაში ელოდნენ ენმ-ს ოფისში შეკრებილები - კერძოდ, სპეციალური დანიშნულების რაზმს და ძალის გამოყენებას ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ოფისში.

გარდა ნიკა მელიას საკითხისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია დავითგარეჯის საქმეც, რომლის ერთერთი მთავარი მონაწილე და ინიციატორი ირაკლი ღარიბაშვილია. ამ საქმეს საფუძველი სწორედ მისი პრემიერმინისტრობის პირველი ვადის დროს, 2014 წელს ჩაეყარა. როგორც ივერი მელაშვილი ამბობს, ღარიბაშვილის დავალებით, ამ პერიოდში კონტრდაზვერვის სამსახურმა შეისწავლა საქმე. თუმცა, მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა და პოლიტიკას დროებით ჩამოშორდა, საგამოძიებო მოქმედებები შეწყდა 2020 წლამდე. 

ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია იმედისთვის მიცემულ ერთერთ ინტერვიუში თქვა, რომ ცნობილი 1:200 000-იანი რუკების მოძიებაში, რომელთა დამალვასა და არგამოყენებასაც ედავებიან მელაშვილი-ილიჩოვას, მას დახმარება გარეჯელმა არქიმანდიტრმა, მამა კირიონმა სთხოვა, თავად ღარიბაშვილმა კი ამ თხოვნით უკვე ბიძინა ივანიშვილს მიმართა. ამ ვერსიის მიხედვით, ამის შემდეგ ივანიშვილი დაუკავშირდა შვედეთში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენს, დავით ხიდაშელს, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთთან.

საინტერესოა ისიც, რომ მაშინ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი ხშირად საუბრობდა დავითგარეჯის საქმეზე და საკმაოდ უხეში ენითაც, გიორგი გახარია ამ საქმეს ყოველთვის მეტნაკლები სიფრთხილით ეკიდებოდა. 

მაგალითად, 3 თებერვალს უკვე ყოფილმა პრემიერმინისტრმა დავითგარეჯის საქმესთან დაკავშირებით თქვა, რომ "საკითხის პოლიტიზირება ქვეყნისთვის მაღალი რისკის შემცველია". იქვე აღნიშნა, რომ ქვეყანა უნდა გაუფრთხილდეს სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან ურთიერთობას. ეს უკანასკნელი კი, ექსპერტების მოსაზრებით, მაღალი რისკის ქვეშ დააყენა, ერთი მხრივ, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ გამოძიებამ და, მეორე მხრივ, იმ პროპაგანდამ, რაც სამთავრობო მედიებისა, თუ სხვადასხვა დაჯგუფების მხრიდან მოჰყვა საკითხს და რაც ყველაზე უკეთ გამოიხატება ტელეკომპანია იმედის ტიტრში - #გარეჯისაქართველოა. 

შესაბამისად, პრემიერმინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებით უნდა ველოდოთ, რომ დავითგარეჯის საქმეზე, რომელსაც სინამდვილეში არანაირი კავშირი არ აქვს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსთან, რიტორიკა უფრო მკვახე და ქმედებები უფრო რეპრესიული გახდება. მოვლენების ასეთი განვითარება არა მხოლოდ კომისიის ბრალდებულ წევრებს შეეხება, არამედ მთელი ქვეყნისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება.

ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ოცნების ე.წ ძველი გვარდიის წარმომადგენელია, თეა წულუკიანთან ერთად. ის კარგად და, შესაძლოა, ყველაზე უკეთ გამოხატავს იმ სენტიმენტებსა და მორალისტურ რწმენა-წარმოდგენებს, რაზეც ივანიშვილის რეჟიმი დგას, რაც გამოიხატება წინა ხელისუფლების მიერ ჩაგრულობის ხატში და მის უპირობო ზიზღში. შესაძლოა, ქართულ ოცნებას ის გათვლაც ჰქონდეს, რომ ამით პარტიის ძველი მხარდამჭერების შემორიგებას შეძლებენ, მათი, ვინც ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსად მმართველი გუნდის ყველაზე დიდ შეცდომად, მთელი ამ წლების განმავლობაში, არარსებულ კოაბიტაციას მიიჩნევს.

"ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ეს იყო ე.წ. კოჰაბიტაცია. ამ შეცდომას სჭირდება გამოსწორება და სწორედ ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიურად, განახლებული ენერგიით გამოვასწორებთ ამ და სხვა შეცდომებს" – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში

ზემოთ ჩამოთვლილმა გარემოებებმა, შესაძლოა, გვაფიქრებინოს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მმართველი გუნდის განაცხადია იმაზე, რომ არსებულ მწვავე ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ კრიზისში ფსონს რეპრესიებსა და ძალის დემონსტრირებაზე დებენ. რთული სავარაუდოა, რამდენად გაამართლებს მმართველი გუნდის ეს მიდგომა, რადგან ყველაფერი საზოგადოების პროტესტისა და წინააღმდეგობის ხარისხსა და მასშტაბზე იქნება დამოკიდებული.

ამავდროულად, თუკი ბიძინა ივანიშვილს მართლაც გადაწყვეტილი აქვს, რომ პარტიის ყოველდღიური პოლიტიკიდან დისტანცირდეს, ირაკლი ღარიბაშვილი მისი მიზნებისთვის შეუდარებელი კანდიდატია, ვინაიდან, როგორც წლების წინ ბიძინა ივანიშვილმა თქვა, მომავალი პრემიერმინისტრი არის კაცი, რომელსაც მისგან არაფრის ორჯერ გამეორება არ სჭირდება. ის უსიტყვოდ ხვდება და ასევე უსიტყვოდ ასრულებს იმას, რაც სურს ბიძინა ივანიშვილს.

კომენტარები