არჩევნები 2020

უგულავა: უნდა დავუბრუნდეთ მოლაპარაკებებს, რომ ქვეყანა შლეგი კობახიძის ამბიციებს არ გადაყვეს

დღეს დილით გადადგა საქართველოს ფაქტობრივი პრემიერმინისტრი და ნიკა მელიას დაკავების უკანონო ბრძანება გადავადებულია. თავისუფალი ხალხის მშვიდობიანმა პროტესტმა შედეგი გამოიღო. ჩვენ შეგვიძლია, ვიამაყოთ ჩვენი ქვეყნით, რადგან ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი თავისუფალი ადამიანია, რომელიც არ შეეგუებოდა და არც შეეგუა გავრილოვის ხარკის გადახდას.

ამასთანავე, ჩვენი პრინციპული პოზიცია გაყალბებული არჩევნების პირველივე დღიდან იყო მშვიდობიანი მოლაპარაკება პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად. დღევანდელი დღე იძლევა სივრცეს მოლაპარაკებებისთვის და მიუხედავად იმისა, რომ მძიმე კოლაფსშია ხელისუფლება, მან უნდა გააცნობიეროს, რომ მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს.

მოლაპარაკება პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ერთ და მთავარ საკითხზე, ესაა რიგგარეშე არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო რეფორმა. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ მოლაპარაკებების მაგიდას, რათა ქვეყანა არ გადაყვეს შლეგი კობახიძის, აბსოლუტურად უპასუხისმგებლო პარლამენტის თავმჯდომარის და გაუგებარი მდინარაძის კარიერულ ამბიციებს.

დღეს არსებობს სივრცე მოლაპარაკებებისთვის და ეს სივრცე, აი, ამ ადამიანებმა შექმნეს, რომლებმაც დღე და ღამე საკუთარი ქვეყნის ჰიმნს მღეროდნენ და სჯეროდათ გამარჯვების. გამარჯვება ახლოსაა მეგობრებო, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ უნდა ვიყოთ მტკიცე და მშვიდი, არ მივცეთ ხელისუფლებას, თუნდაც რიტორიკის დონეზე ილაპარაკოს არეულობაზე, რადგან ჩვენი ამოცანაა ამ ხელისუფლების გასტუმრება არჩევნების გზით...

ამბობს გიგი უგულავა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. გახარიამ მიზეზად ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გუნდთან ერთობლივი აზრის ვერ მიღწევა დაასახელა. გადადგომიდან რამდენიმე წუთში შსს-ს გამოაქვეყნა განცხადება, რომ ამ მიზეზით მელიას დაკავება გადაიდო.

კომენტარები