დავითგარეჯის საქმე

სასამართლომ ივერი მელაშვილის სატელევიზიო კომენტარი მტკიცებულებად დაუშვა

ივერი მელაშვილი
დიმა ჩიკვაიძე/ტაბულა

სასამართლომ დავითგარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილის მიერ ტელევიზიით გაკეთებული კომენტარი მტკიცებულებად დაუშვა. ინფორმაცია ტაბულას მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა დაუდასტურა. 

10 თებერვალს პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ თქვა, რომ სასამართლოში მტკიცებულებად მელაშვილის საჯარო განცხადებებსაც წარმოადგენდნენ.  

საუბარია 28 იანვარს TV პირველის ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მელაშვილმა თქვა, რომ, როდესაც მოლაპარაკებების პროცესში "ერი იქნება, თუ ბერი, მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია, არ არის სწორი". მისი ეს განცხადება სამთავრობო გუნდმა მის წინააღმდეგ პროპაგანდისთვის გამოიყენა.  

მეორე დღეს მელაშვილმა თავისი განცხადება განმარტა და აღნიშნა, რომ "დავითგარეჯა, რა თქმა უნდა, ჩვენია, მაგრამ პოპულიზმი მოლაპარაკებებს აზიანებს".   


 

სასამართლომ 28 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა  20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მათი გირაოს თანხა 2 საათში შეგროვდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.   

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.  

 

კომენტარები