დავითგარეჯის საქმე

პროკურორი: სასამართლოში მტკიცებულებად მელაშვილის საჯარო განცხადებებსაც წარმოვადგენთ

მიხეილ სადრაძე
იმედი

"სასამართლოში მტკიცებულებად ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებებსაც წარმოვადგენთ". – ამის შესახებ პროკურორმა მიხეილ სადრაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც დავითგარეჯის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. 

"დღევანდელ სხდომაზე წარმოვადგენთ დამატებით მტკიცებულებებს. ეს არის ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებები, სადაც ის აღიარებს ჩადენილ ქმედებას, მაგალითად, იმ განცხადებას, რომ დავითგარეჯი საქართველოს ტერიტორია არ არის, ასევე, ის ტერიტორია, რომელსაც ჩვენ, ბრალდების მხარე ვედავებით". – ამბობს სადრაძე. 

პროკურორი ივერი მელაშვილის 28 იანვარს TV პირველის ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე საუბრობს, სადაც მელაშვილმა თქვა, რომ, როდესაც მოლაპარაკებების პროცესში "ერი იქნება, თუ ბერი, მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია, არ არის სწორი". მისი ეს განცხადება სამთავრობო გუნდმა მის წინააღმდეგ პროპაგანდისთვის გამოიყენა.  

მეორე დღეს მელაშვილმა თავისი განცხადება განმარტა და აღნიშნა, რომ "დავითგარეჯა, რა თქმა უნდა, ჩვენია, მაგრამ პოპულიზმი მოლაპარაკებებს აზიანებს".  

დაცვის ადვოკატები აცხადებენ, რომ პროკურატურამ მტკიცებულებები კანონის დარღვევით მოიპოვა. 

"საზღვრის დაცვის პოლიციიდან გარკვეული კარტოგრაფიული მასალის ამოღებასთან არის დაკავშირებული. კერძოდ, სასამართლოს მიერ გაცემული იყო ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ბრალდების მხარეს შეეძლო მტკიცებულებების ამოღება საზღვრის დაცვის დეპარტამენტის არქივიდან და ამის ნაცვლად, თანამშრომლების სამუშაო მაგიდებიდან ამოიღეს კარტოგრაფიული მასალები. ვგულისხმობთ ნატალია ილიჩოვას თანამშრომლის, ირმა გაბუნიას სამუშაო გარემოდან გარკვეული დოკუმენტების ამოღებას. პროკურატურას ამ გადაწყვეტილებით ამის უფლება არ ჰქონდა". – ამბობს ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე. 


 

სასამართლომ 28 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა  20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, მათ გირაო 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.   

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით

კომენტარები