ნიკა მელიას საქმე

ბოკერია მელიაზე: ყველაფერი ძალაუფლების შესანარჩუნებლად და პროტესტის დასათრგუნად ხდება

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია კიდევ ერთხელ ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას წინააღმდეგ მიმდინარე მოვლენებს და იმედს იტოვებს, რომ ქართული ოცნება ვერ გაბედავს მის დაჭერას. 

როგორც გიგა ბოკერია ამბობს, ნიკა მელიას წინააღმდეგ ყველა ეს მოძრაობა პირდაპირ პოლიტიკური დაკვეთაა, რომლის ამოცანაცაა, რომ ზოგადად, საზოგადოება, კერძოდ კი ოპოზიციური სპექტრი დააშინონ და, შესაძლოა, გამოთიშონ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი პოლიტიკური ცხოვრებიდან. 

"ესეც ყველაფერი იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ და დათრგუნონ საზოგადოების აღშფოთება და პროტესტი იმის გამო, რაც ქვეყანაში ხდება მთელი ეს წლებია და განსაკუთრებით ბოლო არჩევნების შემდეგ. ისინი ამას ვერ მიაღწევენ, მაგრამ, თუ ამ ნაბიჯს გადადგამენ და ნიკა მელიას დააკავებენ, ამით თავის ბედს გახდიან დრამატულს და ქვეყანას ძალიან დააზიანებენ, კიდევ უფრო გააღრმავებენ ბრაზსა და დაპირისპირებას. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ამ ნაბიჯს ვერ და არ გაბედავენ და არ გადადგამენ". – ამბობს გიგა ბოკერია. 

ევროპული საქართველოს ლიდერმა დღევანდელ საპარლამენტო სხდომაზეც ისაუბრა, სადაც დეპუტატები ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე მსჯელობენ. გიგა ბოკერიას თქმით, თუ ვინმეს უნდა გაიგოს, რა არის "ფარისევლობის დეფინიცია", ამ სხდომას უნდა უყუროს. მისი თქმით, ფარისევლობაა, როდესაც მმართველი გუნდის ლიდერები ამბობენ, რომ ნიკა მელიას დაჭერა არ სურთ, მაგრამ სხვაგვარად სახელმწიფო ჩამოიშლება. 

"ეს არის იგივე ხალხი, რომელიც ზოგადად, ქვეყანაში რაც ხდება, კანონის უზენაესობის გათელვის თვალსაზრისით, ამაზე ყოველთვის თვალს ხუჭავს. კერძოდ, ცოტა ხნის წინ პოლიტიკური მოსაზრებებით არ შეუწყვიტეს მანდატი ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც დაწერეს შესაბამისი განცხადება. ამით დაარღვიეს საჯარო სამართლის კანონი, კონსტიტუცია, დამწყვდეული ჰყავთ ეს ხალხი პარლამენტში და ეს გავაკეთეთ მიზანშეწონილობიდან გამომდინარეო. გვაქვს მაგალითი, სრულიად უკანონო და უტიფარი, მაგრამ ახლა, კი არ გვინდა დაჭერა ოპოზიციური პარტიის ლიდერისო, მაგრამ რა ვქნათ, ჩამოიშლება ინსტიტუტებიო". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

ოპოზიციონერი ლიდერის შეფასებით, ინსტიტუტების ჩამოშლას, ქვეყნის კურსიდან გადახვევას და სახელმწიფო ინსტიტუტების ტრადიციის დიდი საფრთხის წინაშე დაყენებას ამ რეჟიმმა დაუდო სათავე 2012 წლიდა და ამასვე აგრძელებს ნაბიჯ-ნაბიჯ. 

"ოპოზიციური ლიდერის დაჭერა იქნება კიდევ ერთი დარტყმა ამ მიმართულებით. ამიტომ, ჩვენ იმ გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით და ნორმალური არჩევნების მოთხოვნით აქციები უკვე დაგეგმილი გვაქვს და თუ ამ ნაბიჯს გადადგამენ, ეს დიდ კორექტივებს შეიტანს მთელ ამ ამბავში". – თქვა გიგა ბოკერიამ. 


16 თებერვლის საპარლამენტო სხდომაზე პარლამენტი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე მსჯელობს. საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა გაერთიანებულმა კომიტეტმა იმუნიტეტის მოხსნას მხარი უკვე დაუჭირა

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

კომენტარები