14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმე

გარდაცვლილი 14 წლის გოგოს დედა: ჩემს შვილს გაუპატიურების შემდეგ ბიძებმა უმოწყალოდ სცემეს

14 წლის გარდაცვლილი გოგოს დედის თქმით, მას შემდეგ, რაც მის შვილი გააუპატიურეს, მოზარდს ბიძებმა უმოწყალოდ სცემეს.

გარდაცვილილი გოგოს დედა ტელეკომპანია ფორმულამ ჩაწერა. ის ამბობს, რომ საქართველოში თურქეთიდან რამდენიმე საათის წინ დაბრუნდა და ჯერ საქმესთან დაკავშირებით პოლიციასაც კი არ გასაუბრებია. მისივე თქმით, მისი შვილი ახლა ცოცხალი იქნებოდა, პოლიციას რომ სავარაუდო მოძალადე მაშინვე დაეკავებინა და მოზარდი დედასთან გაეგზავნათ.

"[სექსუალურ ძალადობაზე] მაშინ გავიგე, როდესაც თვითონ და პოლიციამ გაიგო, თორე მე არაფერი ვიცოდი, შემდეგ ჩემმა მამამთილმა გადაწყვიტა, წავიდეს დედამისთანო, შეგვარცხვინა ჩვენო, სოფელში ვერ იცხოვრებსო.  ბავშვს ასეთი რამე რომ შეემთხვა, მერე გადაწყვიტეს მისი ჩემთან გამოგზავნა. ამიტომ, ბავშვს ჰქონდა ჩემთან კონტაქტი, სოცმუშაკი ეუბნებოდა, რომ დედაშენს ყველაფერი უთხარიო. [სოცმუშაკმა] ყველაფერი იცოდა. სანამ ჩემი შვილი მოკვდებოდა, სოცმუშაკს წინა დღეს უთქვამს, დედაშენმა მოწვევა გამოგიგზავნოს, რომ წახვიდეო, მაგრამ მე მოწვევა რომ გამომეგზავნა, ორი დღე სჭირდებოდა ბავშვის გადმოსვლას აქ. მე ხო დედობის უფლება შემიზღუდეს და სოცმუშაკს უნდა გაემზადებინა საბუთი, რათა ბავშვს საზღვარი გადმოეკვეთა". - თქვა მან.

ქალი ყვება, რომ დედობის უფლება მამამთილმა მაშინ შეუზღუდა, როდესაც ის რუსთავში ბავშვების მომვლელად მუშაობდა. ის იხსენებს, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა, თუმცა ერთ დღეს სასამართლოდან დოკუმენტი მიუვიდა, საიდანაც შეიტყო რომ დედობის უფლება შეუზღუდეს.

"ჩემმა მამამთილმა შემიზღუდა დედობის უფლება იმიტომ, რომ ჩემი ქმარი როდესაც დაიღუპა, ბავშვებს დავუნიშნე დახმარება, რათა თავიანთი ფული ჰქონოდათ. ჩემს მამამთილმა მითხრა, მე ვარ ოჯახის უფროსი და უნდა ავიღო ეგ ფულიო. მაშინ რუსთავში ვმუშაობდი ბავშვების მომვლელად, აქ უჩემოდ სასამართლო იყო და თვითონ [მამამთილმა] გადაწყვიტა ყველაფერი უჩემოდ". - თქვა მან.

გარდაცვლილი გოგოს დედა ასევე ამბობს, რომ მის შვილზე ბაბუა ფიზიკურად არ ძალადობდა, თუმცა იმ დღეს, როდესაც მასზე სექსუალურად იძალადეს, ის ბიძებმა ისე სცემეს, რომ მეორე დღეს მოზარდს ბალიშზე თავის დადება უჭირდა.

"მე ყველაფერს პოლიციას ვაჩვენებ, რომ სოცმუშაკს, თამარ ბაჯელიძეს, ვემუდარე ავადმყოფმა ქალმა, რომ მე ინფორმაცია მომდის ბავშვებზე ზეწოლა ხდება და აწვალებენ-მეთქი. როდესაც ჩემი შვილი გააუპატიურეს, იმ დღეს, სანამ პოლიციაში წაიყვანდნენ, ჩემი შვილი უმოწყალედ სცემეს მამამთილის ძმისშვილებმა. ძმისშვილმა ტარიელ ცეცხლაძემ სულ წიხლით სცემა ჩემს შვილს, ძლივს გამოართვეს ბავშვი, შემოგაკვდებაო და ციხეში დაჯდებიო. ამის შემდეგ წაიყვანეს ბავშვი ექსპერტიზაზე თბილისში, თან მას მთელი სხეული ჰქონდა დალურჯებული. მეორე დღეს შვილი რომ მელაპარაკებოდა, მეუბნებოდა, დედიკო თავზე ხელს ვერ ვიკარებ, მტკივა თავი, ბალიშზე თავს ვერ ვდებო". - თქვა მან.


14 წლის გოგოზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული 23 წლის კაცი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ მას შემდეგ დააკავა, რაც 10 თებერვალს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ არასრულწლოვანმა საკუთარ სახლში თავი მოიკლა. 

მოზარდი გარდაცვლილი პირველად ბაბუამ ნახა, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას დეტალები გაიხსენა და თქვა, რომ მის შვილიშვილზე ორჯერ იძალადეს — თავდაპირველად, 2020 წლის ზაფხულში, შემდეგ კი აქედან 6 თვეში, 2020 წლის დეკემბერში. კაცი ამბობს, რომ განმეორებითი ძალადობის შემდეგ პოლიციაში დარეკეს და მომხდარზე გამოძიება დაიწყო, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული ექსპერტიზის მეორე ცნობა მათთან არ მისულა, რამაც, მისივე თქმით, მოზარდი თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

კომენტარები